დიდი ბრიტანეთის საელჩოში დედოფალ ელისაბედ მეორის 90 წლის იუბილე აღნიშნეს. საზეიმო წვეულებას ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა უმასპინძლა. იუბილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ.
მიღებაზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, საქართველოში მცხოვრები ბრიტანელები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
უილიამ შექსპირის 400 წლისთავისა და შოთა რუსთაველის 850 წლისთავის გათვალისწინებით წვეულების თემად შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“ და დედოფალ ელისაბედ პირველის ეპოქა შეირჩა.
„წელს დედოფალი ელისაბედი 90 წლის გახდა. ბრიტანელი ხალხი და მათ შორის ჩვენი საელჩოც, ამ ფაქტს განსაკუთრებულად აღნიშნავს. წლევანდელი წვეულება ასევე განსაკუთრებულია პირადად ჩემთვისაც, ეს იქნება დედოფლის ბოლო დაბადების დღე, რომლის მასპინძლობის პრივილეგიაც მე მაქვს საქართველოში. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო, საქართველოსთვის ამ ისტორიულ პერიოდში, აქ მემსახურა როგორც ბრიტანეთის ელჩს. დღეს საღამოს ჩვენ არა მხოლოდ კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ ბრიტანულ-ქართულ მეგობრობას, არამედ, მექნება შესაძლებლობა, პირადად გადავუხადო მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ამ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ვიმუშავე, ჩვენი მეგობრობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად,“ – განაცხადა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა.
დიდი ბრიტანეთის საელჩოში დედოფალ ელისაბედ მეორის 90 წლის იუბილე აღნიშნეს
09/06/2016