დეპუტატებმა საქართველოში საგამომგონებლო პროცესის ხელშეწყობის აუცილებლობაზე იმსჯელეს

14/07/2017

კობა ნარჩემაშვილის ინიციატივით გაიმართა პრეზენტაცია თემაზე „საგამომგონებლო ცენტრები საქართველოში და მისი როლი ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებაში“
✪ დღეს, პარლამენტში დეპუტატის, კობა ნარჩემაშვილის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა, რომელზეც გაანალიზდა საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობა თანამედროვე, ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
✪ მომხსენებელმა, მიხეილ კოტიშაძემ, რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია, ყურადღება გაამახვილა ინტელექტუალური საკუთრების (ინოვაციური ტექნოლოგიების პატენტების) როლზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში.
🔊 „ქვეყანაში ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარება სტრატეგიულ მიმართულებად ითვლება და საჭიროა ასეთი ტექნოლოგიების არა მარტო შემოტანა, არამედ შექმნა, რისთვისაც აუცილებელია საგამომგონებლო უნარების სწავლება ახალგაზრდებისა და სხვა სოციალური ჯგუფებისათვის, რომლის შემადგენლობაში არიან: საშუალო, მცირე და ინდივიდუალური მეწარმეები, დიასახლისები, შშმ პირები“, — განაცხადა მიხეილ კოტიშაძემ.
✪ მისი თქმით, ამჟამად განათლების არცერთ საფეხურზე ეს არ ისწავლება. მას მიაჩნია, რომ ამ ამოცანების გადასაჭრელად საჭიროა საქართველოში, დაფუძნდეს საგამომგონებლო ცენტრები სამხრეთ კორეის მოდელის მიხედვით. საგამომგონებლო უნარების სწავლების მეთოდიკა ეფუძნება აშშ-ში, იაპონიაში, გერმანიაში, სამხრეთ კორეაში აპრობირებულ მეთოდიკას და მიხეილ კოტისაძის პირად 12 წლიან გამოცდილებას.
✪ მომხსენებელმა წარმოადგინა პირველი საგამომგონებლო ცენტრის სტრუქტურა, მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად საჭირო ამოცანები.
✪ დეპუტატებმა იმსჯელეს საქართველოში საგამომგონებლო პროცესის ხელშეწყობის აუცილებლობაზე.
✪ კობა ნარჩემაშვილის მოსაზრებით, საგამომგონებლო ცენტრების შექმნა აუცილებელია ქვეყნის სწრაფი წინსვლისა და განვითარებისთვის.
🔊 კობა ნარჩემაშვილი: „ქვეყნის განვითარების გზა გადის განათლებასა და მეცნიერებაზე. ჩვენ უნდა დავიწყოთ და ცარიელი სივრცე შევავსოთ. ბევრი საკითხი ეტაპობრივად გადასაწყვეტი იქნება. დარწმუნებული ვარ, პროცესი წარმატებით დაიძრება და განხორციელდება, თუ ამ საკითხისადმი სისტემური მიდგომა გვექნება და მძლავრი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0