დეპუტატების ვინაობა დასახელდა, რომლებმაც არასაპატიო მიზეზებით გააცდინეს სესიები

25/06/2016

დავით უსუფაშვილმა პლენარული სესიის დახურვამდე იმ დეპუტატების ვინაობა დაასახელა, რომლებმაც ივნისში სესიები არასაპატიო მიზეზებით გააცდინეს. მისი განმარტებით, საზოგადოებაში ბოლო პერიდში ხშირად ისმის კითხვა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ბოიკოტთან დაკავშირებით, თუმცა არსებული სისტემით სანქციების განხორციელება ვერ ხერხდება.

“თვის ბოლოს დეპუტატების მიერ გაცდენების შესახებ კეთდება განცხადება. მოგახსენებთ, რომ ივნისის თვეში პლენარულ სხდომებზე არასაპატიო მიზეზით დავით ბეჟუაშვილმა ორი სხდომა გააცდინა. ასევე ორი სხდომა გააცდენა არასაპატიო მიზეზით ვიქტორ დოლიძემ, გიორგი ვაშაძემ და გოგი ლიპარტელიანმა. რაც შეეხება კობა დავითაშვილს, გოგა ხაჩიძეს, პავლე კუბლაშვილს, მათ არასაპატიო მიზეზით პარლამენტის სხდომები ოთხჯერ გააცდინეს. დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძეს კი სხდომა ექვსჯერ აქვს გაცდენილი. საზოგადოებაში კი ისმის კითხვები, რატომ არ ხდება ჩემს მიერ სანქციების განხორცილება და დაჯარიმება იმ ხალხის, რომლებიც არასაპატიოდ აცდენდნენ სხდომებს. მინდა განვმარტო, დიახ, არ ვიყენებ ამ სანქციას, რადგან ჩვენი მოქმედი სისტემა არის დასახვეწი. ჩვენ გვქონდა დახვეწის მცდელობა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, რადგან საკმარისია პარლამენტის წევრმა დაწეროს ქაღალდზე, რომ ის პოლიტიკურ ბოიკოტზეა და მთელი წელი შეუძლია არ იაროს. მას არაფერი ემუქრება. ამიტომ არის ამ საქმეში და სფეროში საყურადღებო დეტალები, რომელზეც იმედია ვიმსჯელებთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0