თბილისის დევნილთა მე-2 და მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მიზნობრივი პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდათ. გამოკვლევები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს “ბაზის” აღდგენით ცენტრთან თანამშრომლობით ჩატარდა და მოზარდების აღნაგობის დარღვევის გამოსავლენად საჭირო სპეციფიკური გასინჯვებს ითვალისწინებდა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ასევე, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და მინისტრის მოადგილეები – მარინა ონიანი და თენგიზ კვირტია ესწრებოდნენ.
ღონისძიების დროს გაისინჯა თბილისის დევნილთა მე-2და მე-3 საჯარო სკოლის 200 მოსწავლე. დიაგნოსტიკის შედეგების მიხედვით, მოსწავლეების 70%-ს სქოლიოზი დაუდგინდა, ასევე, გამოვლინდა გულის მანკის ერთი შემთხვევა. გასინჯვების დროს, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოზარდებში აღმოჩენილ სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის შემთხვევებს, ქალაქ თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში შპს “ბაზის“ მაღალკვალიფიციური ექიმები, უფასო აღდგენით თერაპიასა და მკურნალობას ჩაუტარებენ.