დევნილთა სამინისტროში საცხოვრებელი სახლების კერძო საკუთრებაში გადაცემის საკითხი განიხილეს

11/07/2016

დღეს, დევნილთა და განსახლების სამინისტროში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომას მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და გოგი ფაცაცია დაესწრნენ.
სხდომაზე ეკომიგრანტი ოჯახებისთვის 2004-2009 წლებში შესყიდული საცხოვრებელი სახლების კერძო საკუთრებაში გადაცემის საკითხი განიხილეს.
2015 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა პროექტი „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემისათვის საჭირო ღონისძიებათა თაობაზე“.
პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წელს 2004-2009 წლებში შესყიდული საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის პროცესი დაიწყო. ამ ეტაპზე, მთავრობის განკარგულებით, საკუთრების მფლობელი უკვე 285 ეკომიგრანტი ოჯახი გახდა.
კომისიის გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში, მთავრობას სხდომაზე კიდევ 100 ეკომიგრანტი ოჯახისათვის სახლების დაკანონების საკითხი განიხილება. წლის ბოლომდე კი საკუთრების მფლობელი 1000-მდე ოჯახი გახდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0