დევნილთა სამინისტრომ „სოფლად სახლის“ შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხები გაზარდა

30/03/2018

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „სოფლად სახლის“ შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხები გაზარდა. ამ თემასთან დაკავშირებით, მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ბრიფინგი გამართა.
დევნილა და განსახლების სამინისტრომ „სოფლად სახლის“ პროექტი 2013 წელს დაიწყო. 2013 წლიდან დღემდე, ამ პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ სახლი 2000 დევნილ ოჯახს შეუსყიდა.
პროექტი არა ერთი მიმართულებით აღმოჩნდა წარმატებული. სოფლად შესყიდულ სახლებს თან ახლავს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. გარდა ამისა, დევნილი ოჯახები თავად არჩევენ საცხოვრებელ ადგილსა და სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. „სოფლად სახლის“ შესყიდვის მოთხოვნით განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ყველა იმ დევნილი ოჯახის განსახლების საკითხი განიხილება, რომლებსაც მინიმუმ 3,5 ქულა მიენიჭებათ.
„სოფლად სახლის“ შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა, დევნილი ოჯახების სულადობის გათვალისწინებით, 17 000 ლარიდან 31 000 ლარამდე მერყეობდა. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ აღნიშნული თანხა გაზარდა და განსაკუთრებული პრიორიტეტი მრავალსულიან დევნილ ოჯახებს მიანიჭა. მაგალითისათვის, 7-სულიან დევნილ ოჯახს სამინისტრო „სოფლად სახლის“ შესყიდვის მიზნით, 26 000 ლარს ნაცვლად, 32 000 ლარს გამოუყოფს.
სამინისტრო დევნილი ოჯახების განსახლების პარალელურად, მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენაზეც ზრუნავს. ამ მიზნით, სამინისტროსთან არსებული საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, USAID-თან ერთად, ახალ პროექტს იწყებს. პროექტის ფარგლებში, დევნილ ოჯახებს, რომლებსაც სამინისტრომ „სოფლად სახლი“ უკვე შეუსყიდა, სასათბურე მეურნეობის დასაწყებად ან განსავითარებლად გრანტები გადაეცემათ. დაფინანსებისას პრიორიტეტი მიენიჭებათ გამყოფ ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებში მცხოვრებ დევნილებს. პროექტის ბიუჯეტი 200 000 ლარს შეადგენს. დევნილ ოჯახზე გრანტის მაქსიმალური ოდენობა 10 000 ლარით განისაზღვრა.
დაფინანსების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 30 მარტს დაიწყება და 30 აპრილამდე გაგრძელდება. დევნილი ოჯახები განაცხადებს თბილისში, ზუგდიდში, გორსა და ახალციხეში USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ოფისებში შეავსებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0