დევნილთა დასახლებაში ენერგოეფექტურობის პროექტი გაიხსნა

22/11/2018

ფრეზეთში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ და ლიეტუვას გარემოს დაცვის მინისტრმა კესტუტის ნავიცკასმა ლენტის გაჭრის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ლიეტუვას მთავრობის მიერ დაფინანსებული განახლებადი ენერგიების პროექტის დასრულებას შეეხებოდა.
ფრეზეთში 1000 მოსახლე ცხოვრობს. დასახლების ერთ სახლში, საშუალოდ, ზამთრის პერიოდში 200 კვტსთ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ხოლო 74 სახლში საერთოდ არ მოიხმარენ ელექტროენერგიას. ლიეტუვას მთავრობის პროექტით ფრეზეთში 11,6 კვტ სიმძლავრის მზის ენერგიაზე მომუშავე ფოტოვოლტაიკური სისტემა დამონტაჟდა, რომლითაც დასახლების 2 საჯარო დანიშნულების შენობა, მათ შორის, საბავშვო ბაღი აღნიშნული სისტემის მიერ მიღებულ ელექტროენერგიას მიიღებს.

„ფოტოვოლტაიკური სისტემები, ე.წ. მზის პანელები მზის ენერგიას გარდაქმნის ელექტროენერგიად და უფასოდ მიაწვდის დასახლებაში არსებულ საბავშვო ბაღს და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებს. ამ პროექტს აქვს ორი მთავარი მახასიათებელი. ჯერ ერთი, მოხდება მწვანე ენერგიის გამომუშავება, მეორეც, ენერგია უსასყიდლოდ მიეწოდება მოსახლეობას, რაც მნიშვნელოვანი სოციალური სარგებელია,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა 2019 წელს ენერგოეფექტურობის პროგრამების განხორციელებას გეგმავს. ასევე გათვალისწინებულია უშუქო სოფლების პროგრამის გატარება, რომელსაც მთავრობა ევროკავშირის დახმარებით განახორციელებს.

„ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია, ვინაიდან ორი კომპონენტისგან შედგება: ის ემსახურება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზიანის შემცირებას და, შესაბამისად, მდგრადი განვითრების კონტექსტი აქვს და, იმავდროულად, იგი სოციალურ თემასაც ეხმიანება. ეს მცირემასშტაბიანი პროექტია და უფრო სიმბოლური დატვირთვა აქვს. ვიმედოვნებთ, მომავალში ენერგოეფექტურობის მიმართულებით უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ და უფრო ფართომასშტაბიან პროექტებს განვახორციელებთ,“ – განაცხადა ლიეტუვას გარემოს დაცვის მინისტრმა კესტუტის ნავიცკასმა.

ფრეზეთში ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო ელჩი, კოორდინატორი აღმოსავლეთის პარტნიორობის საკითხებში, სიმონას შატუნასი, ლიეტუვას ელჩი საქართველოში გიედრიუს პეოჯუნასი, ასეევ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ ლიეტუვას პროექტი წარმოდგენილი იქნა 2018 წლის იანვარში ლიეტუვას პრემიერ-მინისტრის საულიუს სკვერნელისის საქართველოში ვიზიტის დროს. მისი მიზანი იყო იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, აგრეთვე ლიეტუვასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ინსტრუმენტების გამოყენება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0