დევნილებს C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩაუტარდათ

09/03/2016

დევნილებს C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ჩაუტარდათ. ღონისძიება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივით მოწყო.
თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩა #6-ში არსებული კორპუსის ტერიტორიაზე განლაგებულ მოძრავ ამბულატორიებში სკრინინგი დევნილებთან ერთად ჩაიტარა მინისტრმა სოზარ სუბარმა. მან ჟურნალისტებთან C ჰეპატიტის ვირუსის მავნებლობასა და ელიმინაციის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“უკვე შევთანხმდით, რომ კვირის ბოლოს უფასო სკრინინგს დავიწყებთ ზუგდიდში და მოვიცავთ მთელ დასავლეთ საქართველოს. ყველა დევნილს, კომპაქტურად ჩასახლებაში მცხოვრებს თუ ინდივიდუალურად განსახლებულს შეუძლიათ მოვიდნენ და ყოველგვარი გადასახადის გარეშე სრულიად უფასოდ გაიკეთონ ანალიზები”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობაზე ისაუბრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ. მისი ინფორმაციით, სკრინინგის პროგრამა წარმატებით გრძელდება.

“ძალიან ბევრ ადამიანს, რომელმაც არ იცის თავისი დაავადების შესახებ, შესაძლებლობა ეძლევა გაიგოს და უნიკალური პრეპარატით “ჰარვონით” იმკურნალოს. ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ სკრინინგის მექანიზმებს. შევთანმხდით, რომ დევნილების ჩასახლებაში, სხვადასხვა რეგიონებში ჩვენი ჯგუფები ჩავლენ და სკრინინგს ჩაატარებენ. ჩვენი საბოლოო მიზანია მთლიანად აღმოიფხვრას C ჰეპატიტი საქართველოში”, – განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.

მისივე ინფორმაციით, სკრინინგი უფასოდ უკვე ჩაიტარეს სხვადასხვა ჯგუფებმა, მათ შორის სტუდენტებმა, მედიის წარმომადგენლებმა. უახლოეს მომავალში პროექტში ჩართვას გეგმავენ სამინისტროები. ვალერი კვარაცხელიამ მოუწოდა ტელევიზიებს გამოიჩინონ ინიციატივა და თანამშრომლებს C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგი ჩაუტარონ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0