დედაქალაქსა და მის შემოგარენში ბოლო ორი წლის განმავლობაში 560 000 ხეა დარგული

24/08/2016

დედაქალაქსა და მის შემოგარენში ბოლო ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 560 000 ხეა დარგული, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერიაში გამართულ შეხვედრაზე განაცხდა. მისივე თქმით, დედაქალაქს პირველად აქვს გაწერილი გარემოსდაცვითი სტრატეგია.
თბილისის მერის განცხადებითვე, გამწვანების პოლიტიკა დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. „ესაა პლატფორმა, რომელიც ჩვენმა გუნდმა აირჩია წინასაარჩევნოდ და შესაბამისად, მიუყვება ამის განხორციელებას. ეს არის ქალაქის ეკოლოგიაზე ზრუნვა, გამწვანებასთან დაკავშირებული საკითხები და ბუნებრივია, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ქალაქის გამწვანებაზე. დაახლოებით 560 000 ხეა ბოლო ორი წლის განმავლობაში ქალაქსა და მის შემოგარენში დარგული, რაც მნიშვნელოვანია და ეს გამწვანების პოლიტიკა გაგრძელდება.

ქალაქის ისტორიაში პირველად გვაქვს სტრატეგიული დოკუმენტი, თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020 წლებისათვის, რომლის შემუშავებაშიც ბევრი თქვენგანი ჩართული იყო და მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი წვლილისთვის, რაც ამ დოკუმენტის მომზადებაში გაქვთ ჩადებული. ჩემი დაპირება იყო, რომ გარემოს დაცვის სტრატეგიას მისი სამოქმედო გეგმაც მოჰყვებოდა. სამოქმედო გეგმის შემუშავება დაწყებულია და მომდევნო წლის პირველი იანვრიდან ეს გეგმა უნდა გვქონდეს. ეს იქნება დროში და სივრცეში გაწერილი დოკუმენტი. გთავაზობთ, რომ სამუშაო ფორმატში ერთად დავსხდეთ და ვიმუშაოთ ამ დოკუმენტზე შემოდგომის განმავლობაში“, – განაცხადა ნარმანიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0