დედაქალაქის მთავრობის ახალმა შემადგენლობამ პირველი სხდომა გამართა

20/11/2017

დედაქალაქის მთავრობის ახალმა შემადგენლობამ პირველი სხდომა გამართა. თბილისის მერმა კახა კალაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე მთავრობის წევრებს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. პირველი საკითხი, რომელსაც თბილისის მერი მთავრობის სხდომაზე შეეხო, დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტია და აღნიშნა, რომ მთავრობის დამტკიცებამდე, საკრებულოში წარდგენილ პროექტში ცვლილებები ვერ განხორციელდებოდა. კახა კალაძემ ვიცე-მერს სთხოვა, საკრებულოდან ბიუჯეტის პროექტი გამოითხოვოს, რათა მასში ის კონკრეტული პროექტები აისახოს, რომელიც მომავალ წელს, ქალაქის განვითარებისთვის უნდა განხორციელდეს.

„მინდა ვთხოვო ვიცე-მერს, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყოს, გამოითხოვოს წარდგენილი ბიუჯეტი და კანონის გათვალისწინებულ ვადებში, თბილისის საკრებულოში მისი გადაგზავნა მოხდეს. მასში აუცილებლად უნდა იყოს ასახული ის კონკრეტული პროექტები, რომელიც ჩვენ 2018 წელს გვაქვს დაგეგმილი. შესაბამისად, პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს იმ ბიუჯეტის საკრებულოში გადაგზავნაა, რომელშიც ჩვენს საარჩევნო პროგრამაში არსებული პროექტები აისახება“, – აღნიშნა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ მერიის სტრუქტურულ ერთეულებს, რაიონების გამგეობებს, თბილისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სსიპ-ს, შპს-სა და ა(ა)იპ-ს, სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, სტრუქტურული რეფორმის განსახორციელებლად საჭირო ქმედებების დაწყებაც დაავალა.

„ჩვენი მიზანია, თბილისის მერია გახდეს მოქნილი, მოქალაქეებზე მეტად ორიენტირებული უწყება და დაგეგმილი რეფორმაც, სწორედ ამ მიზანს ემსახურება. პროცესი იქნება აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე და კონკრეტული ცვლილებებისა და სიახლეების შესახებ ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ბოლო საკითხი, რასაც მთავრობის სხდომაზე თბილისის მერი შეეხო, საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართების დაკანონებაა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

„ყველა რაიონში იყო ფაქტები, სადაც მოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ფართებში, თაობები გაზარდეს და დღესაც იმის შიში აქვთ, ხვალ ვინმე არ მივიდეს და გამოასახლოს. შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გავეცით დაპირება, რომ პირველივე დღიდან, როდესაც კი ჩვენი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება მოგვეცემოდა, აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დავიწყებდით. კონკრეტულად ეს საკითხი ცაიშის ქუჩა N36-ში მცხოვრებ მოსახლეობას ეხება. 23 ოჯახი იქნება 1 353 კვადრატული მეტრის ფართით დაკმაყოფილებული. ეს სწორედ ის ოჯახებია, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში, ფართის დაკანონებას ვერ ახერხებდნენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა პრემიერ-მინისტრსა და ცენტრალურ მთავრობას ამ მიმართულებით განხორციელებული ქმედებებისთვის მადლობა გადაუხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0