დედაქალაქის მერმა საზოგადოებას თბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ანგარიში წარუდგინა. მისი თქმით, 2017 წელს, საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობა სასწრაფოდ გამოსწორებას საჭიროებდა.
„თუ არ გამოვასწორებდით მდგომარეობას დღეს, ხვალ უკვე ისე გვიანი იქნებოდა, რომ ნებისმიერი რეფორმა, ქალაქის სასიკეთოდ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი, წყალში ჩაიყრებოდა. არჩევნებამდე მკაფიოდ განვსაზღვრეთ ის მიზნები, რომელიც აღნიშნული მიმართულებით უნდა განგვეხორციელებინა, რადგანაც შეუძლებელია სიცოცხლით სავსე ქალაქის შენება, თუკი გარემოს დაცვის, ეკოლოგიის მიმართულებით უმაღლესი სტანდარტები არ არის დაცული. ჩვენ გვსურდა, რომ ძირეულად შეგვეცვალა დედაქალაქში ამ კუთხით არსებული მიდგომები, რაც კომპლექსური ნაბიჯების გადადგმასა და მასშტაბური რეფორმების განხორციელებას მოითხოვდა. დღეს, ნამდვილად სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ 2017 წელთან შედარებით, გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით უმნიშვნელოვანეს პროგრესს მივაღწიეთ. ძალიან მიხარია, როდესაც ვხედავ ამდენ ახალ და აღდგენილ მწვანე სივრცეს, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს, თანამედროვე რეკრეაციულ ზონებსა და ევროპული დონის პარკებს, სადაც დედაქალაქის მცხოვრებლები, თბილისის სტუმრები სასიამოვნოდ ატარებენ დროს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რეფორმის შედეგად არ ხორციელდება არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი და მშენებლობა გარემოს დაცვის სტანდარტების გათვალისწინების გარეშე.
„დღეს, დედაქალაქში აღარ ხორციელდება არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, არ გაიცემა არცერთი ნებართვა მშენებლობაზე, თუკი გარემოს დაცვის სტანდარტები უმაღლეს დონეზე არ არის დაცული და სრულად არ შეესაბამება დედაქალაქისა და თბილისის მცხოვრებლების ინტერესებს. ჯერ კიდევ 2017 წელს, მე თბილისელებს მივეცი პირობა, რომ ჩვენ არ გავცემდით არცერთ ნებართვას და არ მოხდებოდა მშენებლობა ისეთ ადგილებში, სადაც რეკრეაციული სივრცეები, სტადიონები და სპორტული კომპლექსები იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში შემუშავდა ნარჩენების მართვის გეგმა და სტრატეგია, შეიქმნა თბილისის ზღვის სანიტარიული დაცვის ზონები და გატარდა მთელი რიგი ღონისძიებები ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურების პრევენციისთვის.
„უნდა გადმოვიტანოთ ევროპული ქვეყნების საუკეთესო მაგალითები, თუ როგორ უნდა მოხდეს ნარჩენების სეპარირება, გადამუშავება და შემდეგ მისგან ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიღება. ამ მიმართულებით ვმუშაობთ. მინდა საერთაშორისო ექსპერტებს, დარგის სპეციალისტებს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რადგან ძალიან მალე გვექნება უკვე კონკრეტული პროექტი. გარდა ამისა, შეიქმნა თბილისის ზღვის სანიტარიული დაცვის ზონები და ამ მიმართულებით ხორციელდება ძალიან ეფექტიანი კონტროლი. ასევე, დავიწყეთ ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურების პრევენციისთვის აუცილებელი სამუშაოები. ამავდროულად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად განახლდა ეკოლოგიურად სუფთა ავტოპარკით, რამაც პირდაპირი გავლენა მოახდინა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის კლებაზე“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ ხაზი გაუსვა მწვანე სივრცეების და საპარკე კულტურის მნიშვნელობას დედაქალაქის ცხოვრებაში.
„ამ მიმართულებით, დედაქალაქში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა და ხელშესახებ შედეგსაც მივაღწიეთ. როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ძალიან მიხარია, რომ ის რეკრეაციული სივრცეები, რომლებიც განახლდა, დღეს სავსეა ადამიანებით. ამ საპარკე კულტურას სჭირდება წახალისება და კიდევ უფრო მეტი და საინტერესო პროექტის განხორციელება.
დღეს, ჩვენ ვიმყოფებით კიკვიძის პარკში, ულამაზეს სივრცეში. წლების წინ, ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა მდგომარეობა იყო აქ, როგორ იყო მიგდებული და გაუბედურებული არსებული საპარკე ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაციის შედეგად არის ერთ-ერთი საუკეთესიო დასასვენებელი სივრცე. იგივე მდგომარეობა გვაქვს მზიურის განახლებულ პარკში, რომელიც ყოველდღიურად ადამიანებს ვერ იტევს. ასევე, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში განახლებული პარკი. დავიწყეთ ვაკის პარკის განახლება-რეაბილიტაცია. ფონდი „ქართუს“ მიერ ხდება იპოდრომის ყოფილი ტერიტორიის სრული განახლება-მოწესრიგება, სადაც გვექნება ძალიან დიდ ტერიტორიაზე ცენტრალური პარკი, იქნება ყველანაირი სივრცე და შესაძლებლობა იმის, რომ ყველა თაობის ადამიანმა დაისვენოს, განიტვირთოს, ივარჯიშოს, ისეირნოს. კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილის ოჯახს იმ საჩუქრისთვის, რომელიც თბილისს გაუკეთა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ეს პროექტი დასრულდება. ასევე, დაწყებული გვაქვს თემქის ხევის სრული რეაბილიტაცია. ქალაქში შეამჩნევდით კონკრეტულ გზაგამყოფებს, რომლებიც იყო ბეტონის, დღეს კი მწვანე სივრცეებია. მაქსიმალურად ვცდილობთ, სადაც ვნახავთ შესაძლებლობას, გავამწვანოთ. მინდა ასევე გამგებლებს გადავუხადო მადლობა, რადგან რაიონებში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა პარკების რეაბილიტაციის სახით. ეს ტენდენცია უნდა გავაგრძელოთ და უფრო მეტი მწვანე სივრცე შევუქმნათ დედაქალაქის მცხოვრებლებს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა „ეკოსერვისის“ თანამშრომლებს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ რეკრეაციულ სივრცეებზე.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, უკვე შექმნილია რამდენიმე პარკის პროექტი, რომლის განხორციელება იგეგმება.
„სამომავლოდ ჩვენ ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. უკვე არსებობს დიღმის ჭალების პარკის მოწყობის, ვერის პარკისა და რაც მთავარია, თბილისის დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციის პროექტი, რომელსაც რეალურად აქვს პოტენციალი იქცეს თბილისის ფილტვებად“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, დაგეგმილი მსხვილი პროექტებიდან ერთ-ერთის – თბილისის დენდროლოგიური პარკის მოწყობის სამუშაოების დაწყება წლის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი.
„ამ სივრცის კეთილმოწყობა და მოწესრიგება ჩემი საარჩევნო დაპირება იყო. დენდროლოგიური პარკის ტერიტორია 160 ჰექტარზეა გადაჭიმული. დაგეგმილი გვაქვს მისი განახლება-კეთილმოწყობა. პროექტი უკვე მზად გვაქვს და სამუშაოების დაწყება წლის ბოლოსთვის უკვე შესაძლებელი იქნება. აღნიშნული პროექტის განხორციელებას, დაახლოებით, 2 წელი დაჭირდება, რადგან საკმაოდ მასშტაბურია. იქვე ახლო გადავა ზოოპარკი ქალაქის ცენტრიდან, რადგან იქ ამის სივრცე და შესაძლებლობა არსებობს. ასევე, გვაქვს იდეა, რომ დენდროლოგიურ პარკში მოვაწყოთ ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი სივრცე – გავაკეთოთ პატარა კუბები, სადაც ახალგაზრდებს – მხატვრებს, არტისტებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ სივრცეებით უფასოდ ისარგებლონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ანგარიშის პრეზენტაციაზე დეტალურად მიმოიხილა განხორციელებული პროექტები და ღონისძიებები თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ. მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, თბილისში, 1000 სკვერი, 15 პარკი და 60 გამწვანებული კუნძული მოეწყო და განახლდა, რაც ჯამში, 100 ჰექტარია.
„ჩვენთვის მთავარი გამოწვევა იყო მაღალი ხარისხის მწვანე, რეკრეაციული სივრცეების მოწყობა დედაქალაქში და ამ მიმართულებით ძალიან დიდი ფრონტი გავშალეთ. შედეგი სახეზეა: სამი წლის მანძილზე მოწყო 1000 სკვერი, 15 პარკი და 60 გამწვანებული კუნძული, რაც ჯამში, 100 ჰექტარი განახლებული და მოწყობილი სივრცეა. ამან, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობასა და ცხოვრების ხარისხზე“, – განაცხადა ანდრია ბასიალაიამ.
მისივე თქმით, ახალმა გენერალურმა გეგმამ თბილისს ტყე დაუბრუნა.
„გენგეგმამ დააბრუნა ტყე დედაქალაქში. როგორც მოგეხსენებათ, სატყეო ზონა არ არსებობდა. დაახლოებით 14 ათას ჰექტარს მიენიჭა სატყეო ზონის სტატუსი, რაც ყველაზე მაღალი დაცვის ფუნქციური ზონაა დედაქალაქში. ეს არის იმის გარანტი, რომ ეს მნიშვნელოვანი ფერდები შენარჩუნდება, თუმცა, ჩვენ მხოლოდ ზონირებაზე არ შევჩერდით და აქტიურად ვახორციელებდით დეგრადირებული ტყეების რესტავრაციას კუს ტბის ფერდზე, ნაძალადევში, ჟინვალის ქუჩის მიმდებარე ფერდსა და თბილისის ზღვის მიმდებარე ფერდზე. ჯამში, 20 ჰექტარზე მოეწყო ტყე იქ, სადაც ბოლო წლებში ფაქტობრივად აღარ იყო დარჩენილი მწვანე ნარგავი“, – აღნიშნა მერის მოადგილემ .
ანდრია ბასილაიამ მთაწმინდის ფერდის აღდგენაზეც ისაუბრა და ფონდ „ქართუს“ პროექტისთვის მადლობა გადაუხადა.
„როგორც იცით, ჩვენ მოსვლის დღიდან ავტეხეთ განგაშის ზარები იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა მთაწმინდის ფერდზე. იქ არსებულმა მასშტაბმა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომელიც მყისიერად ჩაერთო საქმეში“, – აღნიშნა მან.
ანდრია ბასილაიას თქმით, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შესამცირებლად, მერიამ, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, პარლამენტის ხელშეწყობით, შეიმუშავა ახალი რეგულაცია, რომელიც ეხება ამტვერებადი მასალების გამოყენებას სამშენებლო მოედნებზე, ასევე, მის გადაადგილებას და შენახვას. შედეგად, ჰაერში მტვრის კონცენტრაციის მაჩვენებელი დედაქალაქში მნიშვნელოვნად შემცირებულია. მერის მოადგილის განცხადებით, კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ქალაქში შემოვიდა, ეხება მშენებლებისთვის დენდროლოგიური პროექტის განხორციელების აუცილებლობას, რის შედეგადაც ბოლო წლების განმავლობაში, მშენებლებმა 17 ათასამდე ძირი ხის დარგვის ვალდებულება აიღეს სხვადასხვა სამშენებლო პროექტის განხორციელების დროს. გარდა ამისა, მერიამ შეიმუშავა 50-მდე ხე-ნარგავის ნუსხა, რომელიც თბილისზეა მორგებული. მერის მოადგილის განმარტებით, 2021 წელს გარემოს დაცვის მიზნებისთვის წინა წელთან შედარებით 2-ჯერ მეტი თანხა გამოიყო. ამასთან, როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის ზოგიერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული ზონის შენარჩუნებაში დიდი წვლილი მიუძღვით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რისთვის მათ მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ვაკის პარკი, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია, ანბანის სკვერი და სხვა ადგილები სწორედ მათი ბრძოლის შედეგად გადარჩა. როგორც თბილისის მერის მოადგილემ აღნიშნა, 2018-2021 წლებში, დედაქალაქში 200 000-ზე მეტი ძირი მწვანე ნარგავი დაირგო. მისივე თქმით, ამ პერიოდში განხორციელებულ ღონისძიებებს შორის მნიშვნელოვანია ფიტოსანიტარიული კვლევა და წამლობა.
„ხედავთ იმ შედეგებს, რაც სამი წლის განმავლობაში იქნა მიღწეული: დაირგო 215 000 ძირი მწვანე ნარგავი (ხე – 73 000, ბუჩქი და ბალახოვანი მცენარე – 142 000); ფიტოსანიტარიული კვლევა და წამლობა ჩაუტარდა 500 000 მწვანე ნარგავს; 500 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაირგო და დაითესა ბალახი; ნიადაგის მულჩირება 40 000 კვ.მ-ზე განხორციელდა; სანიტარიული ჭრა ჩაუტარდა 70 000 დაავადებულ ფიჭვის ხეს; მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 23 შადრევანს; 20 ჰექტარზე ტყის მოწყობა მოხდა – დაირგო 28 000 მწვანე ნარგავი; მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 000 სკვერს, 15 პარკსა და 60 გზაგამყოფ კუნძულს; გამწვანების პროექტით დაირგო 17 000 ძირი ხე. ეს უკანასკნელი არის ის დამატებითი ვალდებულება, რომელიც კერძო სექტორმა აიღო მშენებლობასთან მიმართებაში.
გამოვყოფდი ბალახის მულჩირებას, რადგან ეს არ არის მხოლოდ ვიზუალური ღონისძიება. ზედაპირის დაფარვა ბალახით ან მულჩით ხელს უწყობს მტვრის შემცირებას ჰაერში. ასევე, დაიწყო ფიტოსანიტარიული ჭრები და წამლობა, რაც ასევე იმის გარანტიაა, რომ ჩვენ სამომავლოდ არ მივიღებთ პრობლემურ არეალებს და ხე-ნარგავები იქნება მოვლილი“, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ. თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, გარემოს დაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი მიღწევაა დედაქალაქში საპარკე კულტურის დაბრუნება.
„ნებისმიერ მწვანე სივრცეში დღის განმავლობაში სხვადასხვა თაობის უამრავ ადამიანს შეხვდებით. ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი მიღწევა. ჩვენ ახალ საპარკე არეალებს ვქმნით, რისთვისაც, ისევე, როგორც ევროპის დედაქალაქებში, თანამედროვე ზონირების პრინციპები გამოიყენება“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
მისი თქმით, პარკების დაგეგმვის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია მოსახლეობის ჩართულობა.
„ევროსაბჭოს დახმარებით შევიმუშავეთ პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჩართულობას დიდი პარკების დაგეგმვის პროცესში. მაგალითად, კიკვიძის პარკში მერს ახალგაზრდებმა სკეიტ ზონის მოწყობა სთხოვეს, რომლის სამუშაოებიც ამჟამად მიმდინარეობს“, – აღნიშნა ანდრია ბასილაიამ.
პრეზენტაციისას თბილისის მერის მოადგილემ ისაუბრა როგორც რეაბილიტირებულ პარკებზე – ვასო გოძიაშვილის პარკი, მოსკოვის გამზირზე, ორკილომეტრიანი შუა ზოლი, ადამიანი და მზე, მზიურის პარკი, დედაენის და 9 მარტის პარკები, ასევე, მიმდინარე პროექტებზეც – ცენტრალური პარკი – ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, მთაწმინდის ფერდის აღდგენა, ვარკეთილის ხევის, რიგის პარკის, თემქის ხევის და ვაკის პარკის რეაბილიტაცია.
„ვაკის პარკი ჩვენი ქალაქის ძეგლია. რამდენიმე თვეში დასრულდება სამუშაოები და მივიღებთ განახლებულ ვაკის პარკს და რაც მთავარია მისი პირველადი სახე სრულად შენარჩუნდება“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშს ესწრებოდნენ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის, დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს წევრები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, როგორც უცხოელი, ასევე ქართველი დარგის სპეციალისტები.