დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „თბილისობასთან“ დაკავშირებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და თბილისში სტუმრად მყოფი დელეგაციებისთვის საზეიმო მიღება გამართა, რომელსაც ასევე, საპატიო თბილისელები ესწრებოდნენ.
კახა კალაძემ სტუმრებს “თბილისობა” მიულოცა, მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამოსვლისთვის და აღნიშნა, რომ მეგობრებისა და პარტნიორების ძალისხმევით, თბილისი უფრო განვითარებული და მიმზდველი გახდება.
“მინდა, მოგილოცოთ “თბილისობის” დღესასწაული. ეს არის ქალაქი, რომელიც თავისი უნიკალური კულტურით, სტუმართმოყვარეობით და ორიგინალობით მის სიყვარულში გვაჯიბრებს როგორც მასპინძლებს, ასევე ჩვენს ქალაქში ჩამოსულ სტუმრებს. თბილისი თითოეული ჩვენგანის ქალაქია და სწორედ თქვენი, თბილისის მეგობრების ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ, ის გავხადოთ კიდევ უფრო განვითარებული და უფრო მიმზდველი ყველასთვის. ძვირფასო მეგობრებო, ამ საზეიმო მიღებას დღეს ესწრებიან ჩვენი მუნიციპალიტეტის ყველაზე ხანდაზმული და ღვაწლმოსილი თანამშრომლები. ეს ადამიანები გუშინ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებით დაჯილდოვდნენ. აქ ჩვენთან ერთად იმყოფება ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში თბილისის მერი იყო, ბატონი ნიკო ლეკიშვილი და ისიც გახდა საპატიო თბილისელის ორდენის მფლობელი. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ამ ადამიანებს და მადლიერება გამოვხატო იმ საქმისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ ჩვენი ქალაქისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე ხაზი გაუსვა რამდენიმე ქალაქთან დაძმობილების და პარტნიორობის იუბილეებს, რომელიც წლევანდელ თბილისობასთან ერთად აღინიშნა.
“არ შემიძლია არ შევეხო კიდევ ერთ მნიშვნელოვან თარიღს – ზაარბრიუკენი-ნანტი-თბილისის დაძმობილების 40 წლისთავს და ნანტი-თბილისის დაძმობილების 40 წლის იუბილეს. ჩვენ გავაერთიანეთ ეს ორი იუბილე, რადგან ამ სამი ქალაქის მეგობრობა და ურთიერთობა ერთად ჩამოყალიბდა. ამიტომაც უწოდებენ ამ მეგობრობას ,,დაძმობილების სამკუთხედს’’. ის ღირსშესანიშნავი პროექტები, რომელიც ამ ქალაქებს შორის განხორციელდა ერთობლივად მიმდინარეობდა და დღესაც გრძელდება. მივესალმები მეგობარ და პარტნიორ ქალაქებს, მათ შორის ქალაქ ლუბლინს, რომელთანაც პარტნიორობის 5 წელი შესრულდა და დღეს, თბილისში გაიხსნა ლუბლინელ ხელოვანთა გამოფენა. ძვირფასო მეგობრებო, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ თბილისობის დღესასწაულს ჩვენთან ერთად აღნიშნავთ! მინდა ყველას წარმატებები გისურვოთ თქვენს საქმიანობაში და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძლისხმევით, ერთიანი შრომით და თქვენი მხარდაჭერით თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მიღებაზე იმყოფებოდნენ ამანის, ლუბლინის, ლვოვის, ბიალისტოკის, ერევანის, ვილნიუსის, რიგის, ტალინის, ნანტის, ზაარბრიუკენის, ხარკოვის, ბიშკეკისა და ალ დაიენის (დოჰა) დელეგაციები. დღევანდელი ღონისძიების პარალელურად, ლუბლინსა და თბილისს შორის პარტნიორობის 5 წლისთავთან დაკავშირებით დაკავშირებით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში პოლონელი ხელოვანების არტურ პოპეკისა და რომან კრავჩენკოს გამოფენა გაიხსნა.