დედაქალაქის მერი თბილისში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს შეხვდა

16/03/2022

დედაქალაქის მერი უკრაინის მოქალაქეებს შეხვდა, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო თბილისში იმყოფებიან. კახა კალაძემ მათ მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გარდა ამისა, უკრაინელ პატარებს პირადად გაუკეთა საჩუქარი საბავშვო გასართობი პროგრამის, სათამაშოებისა და ტკბილეულის სახით.
დედაქალაქის მერმა უკრაინის მოქალაქეებს ყველა სახის მხარდაჭერა აღუთქვა და თბილისელების სახელით მშვიდობა უსურვა.

„ჩვენი დღევანდელი შეხვედრა სხვანაირი იქნებოდა, უკრაინაში მშვიდობა რომ იყოს და არ ხორციელდებოდეს საომარი მოქმედებები. ძალიან მძიმეა, დამანგრეველია ეს ჩვენთვის. სრულიად საქართველო გულშემატკივრობს უკრაინელ ხალხს. მე ძალიან დიდი სიყვარული მაკავშირებს უკრაინელებთან. საქართველო დგას უკრაინის გვერდით – ყოველთვის ასე იყო, ასე არის და ასე იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება სხვადასხვა მხარდამჭერ ღონისძიებებს ახორციელებს, თბილისში მცხოვრები უკრაინელების საჭიროებების დაკმაყოფილებაზე დედაქალაქის მერიაც იზრუნებს. დედაქალაქის მერის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისა და სხვადასხვა მუნიციპალური სერვისის გარდა, უკრაინულ ოჯახები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მომსახურებითაც უფასოდ ისარგებლებენ.

„თქვენი პატარები ყოველგვარი საფასურის გარეშე შეგიძლიათ მიიყვანოთ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში და ამის ორგანიზებას უზრუნველყოფს ჩემი მოადგილე. მშვიდობა მინდა ვუსურვო უკრაინას, უკრაინელ ხალხს და მინდა იცოდეთ, რომ საქართველო, საქართველოს მთავრობა, ქართველი ხალხი ყოველთვის უკრაინის და უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და ასე გაგრძელდება მომავალშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0