ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-9 საერთაშორისო ფორუმი (LED) დასრულდა. შემაჯამებელ ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები და ფორუმის მონაწილეები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში თბილისმა მიიღო რეკომენდაციები, კონსულტაციები და ქალაქის განვითარების კონკრეტული პროექტები, დამატებითი ფონდების მოძიების სტრატეგიები. ამასთან, გაფორმდა ხელშეკრულება დედაქალაქის მერიასა და World Council on City Data-ს (WCCD) შორის, თბილისისათვის ISO სტანდარტის და შემდეგ SMART CITY-ის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ასევე, ხელი მოეწერა კიოლნის უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას. გარდა ამისა, თბილისის მერიამ, ფორუმში მონაწილე ქალაქების წარმომადგენლებს „მწვანე ინიციატივა“ წარუდგინა. დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ყოველწლიურად, ფორუმის მონაწილეები, ამ მიმართულებით, განხორციელებულ აქტივობებს წარადგენენ.
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ ფორუმი შეაჯამა და მიღწეული შედეგების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„გვქონდა საკმაოდ საინტერესო შეხვედრები აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ავსტრიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. ასევე, თბილისმა წარმოადგინა „მწვანე ინიციატივა“, გამოვიდა სხვადასხვა ქალაქში მწვანე პროექტების მხარდაჭერის წინადადებით. ამასთან, თბილისსა და კანადურ საერთაშორისო ორგანიზაციას შორის გაფორმდა ხელშეკრულება. დოკუმენტის მიხედვით, მომავალ წელს ჩვენი დედაქალაქი მიიღებს ხარისხის სერტიფიკატს, რომელიც მოიცავს, დაახლოებით, 12 კრიტერიუმის მიხედვით, 100-მდე მაჩვენებლის შეფასებას, თუ როგორი საცხოვრებელი პირობებია თბილისში მოსახლეობისთვის და რა უნდა გაკეთდეს მათ გასაუმჯობესებლად. გარდა ამისა, მომავალ წელს აზიის განვითარების ბანკთან ერთად დავიწყებთ საგანმანათლებლო ჰაბის შექმნას თბილისში მათთვის, ვისაც სურს ცოდნა გაიღრმავოს ურბანული განვითარებისა და სატრანსპორტო თემატიკის მიმართულებით. ამავე ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდება ავტობუსის ახალი ხაზების კვლევა და მეტროს მიმართულებით, საინვესტიციო გეგმა განხორციელდება. ამასთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან შევთანხმდით, რომ მომავალ წელს გვექნება „მწვანე ქალაქის“ სამოქმედო გეგმა, ანუ, როგორი უნდა იყოს თბილისი 2030 წელს სამოქმედო გეგმით გაწერილი ღონისძიებების გათვალისწინებით. ამავე ორგანიზაციის მხარდაჭერით, განვახორციელებთ ახალი ავტობუსებისთვის სამარშრუტო სქემების კვლევას. გარდა ამისა, მომავალი წლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა იქნება. ანგარიშსწორება ყველა ტიპის საბანკო ბარათით იქნება შესაძლებელი, როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე, თბილისში ჩამოსული ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის. ამასთან, ახალი სისტემა მოგვცემს ანალიტიკის საშუალებას, დავინახავთ ზუსტ სურათს, როდის და რომელი მარშრუტებია გადატვირთული, სად არის საჭირო ტრანსპორტის დამატება და ა.შ. რაც შეეხება „გონიერ ქალაქს“ (Smart City), ეს გულისხმობს ისეთი ტექნოლოგიების დანერგვას, რომელიც ადამიანებისათვის ქალაქში უფრო ხელსაყრელ საცხოვრებელ გარემოს შექმნის. ამ მიმართულებით გარკვეული პროექტები უკვე განვახორციელეთ, მაგრამ ეს უფრო სისტემური უნდა იყოს. სწორედ ამიტომ ვაკეთებთ „მწვანე ქალაქის“ სამოქმედო გეგმას, რომელიც გულისხმობს გარემოსთვის კიდევ უფრო ნაკლებად დაბინძურებული სატრანსპორტო სისტემისა და მეტი სარეკრეაციო სივრცეების შექმნას, ასევე, შენობების ენერგოეფექტურობას“-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმს დედაქალაქი 2007 წლიდან მასპინძლობს. ამ პერიოდის განმავლობაში, ფორუმი გახდა უნიკალური რეგიონალური პლატფორმა მუნიციპალიტეტების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისთვის; მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, ერთმანეთს გაუზიარონ იდეები და გამოცდილება. ფორუმი კარგი შესაძლებლობაა კერძო და საჯარო სექტორის, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შორის მომავალი თანამშრომლობის დამყარებისთვის.
წელს ფორუმი 12 თემატურ სესიას მოიცავდა: „გონიერი ქალაქები“, „მწვანე ქალაქები“, ფონდების მოძიება, ელექტრონული მმართველობა, ენერგოეფექტურობა, ინვესტიციები, საერთაშორისო ურთიერთობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ტურიზმი, აღმოსავლეთ პარტნიორობა, ინფრასტრუქტურა, შემოქმედებითი ინდუსტრიები. ფორუმში მონაწილეობენ სტრუქტურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კავკასიის რეგიონიდან, ევროპის, აზიის და ამერიკის კონტინენტებიდან.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-9 საერთაშორისო ფორუმი (LED) 7-8 დეკემბერს თბილისის მერიის ორგანიზებით გაიმართა.
დედაქალაქის მერიასა და WCCD-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა
08/12/2016