დედამიწის დღის გლობალურ კამპანიას უკვე 50 წელზე მეტია 200-მდე ქვეყანა უერთდება

21/04/2022

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა კახეთში, სოფელ არგოხში, დედამიწის დღის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

„დედამიწის დღის გლობალურ კამპანიას უკვე 50 წელზე მეტია 200-მდე ქვეყანა უერთდება და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რომ აამაღლოს მოსახლეობის ცნობიერება ისეთი გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ, როგორიც არის კლიმატის ცვლილება და მისი შედეგები, ნარჩენების მართვა, ატმოსფერული ჰაერის დაცვა, ტყის და მიწის რესურსის მდგრადი მართვა და კიდევ მრავალი სხვა. მოხარული ვარ, რომ ჩვენთან ერთად არიან აქტიური ახალგაზრდები, ეკოაქტივისტები, რომლებიც სიახლეებს, თანამედროვე ცოდნას და ინფორმაციას აზიარებენ თემში და არიან მაგალითი ჩვენი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამწვანების აქცია, კლიმატის ცვლილების შესახებ პოსტერების გამოფენა, ადგილობრივი და ახალგაზრდა ეკო აქტივისტებისა და ქალთა კოოპერატივის წევრების საქმიანობის გაცნობა. შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექს ფიცხელაური, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ. დედამიწის დღე 1970 წლიდან, ყოველი წლის 22 აპრილს აღინიშნება და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა. მიმდინარე წელს დედამიწის დღის თემაა „ინვესტიცია ჩვენს პლანეტაში“ და ფოკუსირებულია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0