დედაენისა და 9 მარტის ბაღების რესტავრაცია-რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

10/06/2020

დედაქალაქის მერია და „თბილისის განვითარების ფონდი“ დედაენისა და 9 მარტის ბაღების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს ახორციელებენ. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. კახა კალაძის განცხადებით, მიმდინარე რეაბილიტაციის ფარგლებში, დაირგვება ხე-მცენარეები, მთლიანად განახლდება სკეიტპარკი, დამონტაჟდება ატრაქციონები და მოეწყობა სპეციალური სივრცე შინაური ცხოველებისთვის.

„საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების პირველი ეტაპი ზაარბრუკენისა და მშრალი ხიდის ტერიტორიების რეაბილიტაციას, მოასფალტება- გალამაზებას მოიცავდა, რაც უკვე დასრულებულია. მეორე ეტაპი არსებული სკვერების სრული განახლებაა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო. პროექტის ფარგლებში, მოეწყო გვირაბი, რომელიც ამ ორ პარკს ერთმანეთთან დააკავშირებს. პარკი მთლიანად განახლდება – დაირგვება ხე-მცენარეები, შემცირდება ბეტონის საფეხმავლო ბილიკები, რათა ტერიტორიაზე, რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე გაჩნდეს. მთლიანად განახლდება სკეიტპარკი და ახალი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურა დამონტაჟდება, სადაც სხვადასხვა ჩემპიონატის ჩატარების შესაძლებლობა იქნება. განთავსდება ატრაქციონები, შინაური ცხოველების გასასეირნებლად კი, სპეციალური სივრცე მოეწყობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო არეალში მიმდინარეობს: არსებული ინფრასტრუქტურისა და გზის დაზიანებული საფარის დემონტაჟი; წყალარინების ქსელის მოწყობა; მწვანე საფარის მოცულობის გაზრდის მიზნით, თარგების კორექცია; მშრალი ხიდიდან სანაპიროზე ჩასასვლელ ორივე პანდუსზე სანიაღვრე ქსელის, საყრდენი კედლის მოწყობა და გზის საფარის რეაბილიტაცია; მშრალი ხიდის ბურჯების სარესტავრაციო სამუშაოები; არსებული სკეიტპარკის დემონტაჟი, რომლის ნაცვლადაც, ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკეიტპარკი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია სავაჭრო სივრცეების, სარწყავი სისტემის, სანიაღვრე და გარე განათების ქსელების მოწყობა; ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის მონტაჟი; ბავშვთა გასართობი მოედნის, ძაღლების სასეირნო სივრცის მოწყობა; ტერიტორიაზე განთავსდება სხვადასხვა საპარკე ინფრასტრუქტურა, ველოსიპედის გასაჩერებელი ადგილები, სასმელი წყლის შადრევნები; დაირგვება სხვადასხვა სახეობის მარადმწვანე წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეები, ჩატარდება არსებული მწვანე ნარგავების სხვლა-ფორმირების სამუშაოები. მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, დედაენისა და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას ისახავს მიზნად. დედაენისა და 9 მარტის ბაღების, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ალექსანდრე ტოგონიძე, მთაწმინდისა და ჩუღურეთის რაიონების გამგებლები – დავით კირკიტაძე და ზურაბ ჩიკვილაძე, ასევე, საკრებულოს დეპუტატები გაეცნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0