დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

05/04/2018

დიმიტრი ქუმსიშვილი ქუთაისის რეფერალურ სააავადმყოფოში მყოფი დაშავებული მეშახტეების მდგომარეობას პირადად გაეცნო. პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტყიბულში მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებულები მოინახულა. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებული ერთ-ერთი მეშახტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია – „ის კონტაქტურია, ჩვენ მასთან ვისაუბრეთ დეტალებზე. მას კარგად ახსოვს მომხდარი უბედური შემთხვევა – როგორ დაარტყა ჰაერის ტალღამ და როგორ მიანარცხა, გადააგდო. როგორც მან გვითხრა, სადღაც 17 მეტრზე მაინც გადააგდო ჰაერის ტალღამ“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მისი მდგომარეობა ოდნავ მძიმეა, თუმცა, ის კონტაქტურია. „ჩვენ დავარწმუნეთ ოჯახის წევრები, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა რაც შეიძლება მალე გამოსწორდეს და ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს და სურვილის შემთხვევაში, თავიანთ საქმეს“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0