დასაქმების მასშტაბურ პროგრამასთან დაკავშირებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ზურაბ მენთეშაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძესთან ერთად, რეგიონის მასშტაბით, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და დამსაქმებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. საუბრის მთავარი თემა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებულ, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამას შეეხებოდა. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილე მხარეებმა პროგრამის მნიშვნელობა და მუნიციპალიტეტებში მისი მიმდინარეობა შეაფასეს. ასევე, არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და კონკრეტული რეკომენდაციები განიხილეს. სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროგრამაში ჩართულ მხარეებს აქტიურობისათვის მადლობა გადაუხადეს. ამასთან, ყველა უწყებას, საჭიროებიდან გამომდინარე, დამსაქმებლების, სოციალური პარტნიორებისა და ბენეფიციარების მოძიებისა და დასაქმებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს. შეხვედრის დასასრულს კი, სამომავლოდ, უკვე დასაქმებულთა მონიტორინგი და სამუშაოს შესრულების კვლევების განხორციელება დაიგეგმა. შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, 1600-ზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს, მათ შორის 50-მდე შშმ პირია.
დასაქმებულთა მონიტორინგი და სამუშაოს შესრულების კვლევების განხორციელება დაიგეგმა
16/11/2022