დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ გამოწვევებს გაუმკლავდება

11/05/2018

ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტისა და მისდამი ხალხის ნდობის ფაქტორის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ განახლებული ენერგიით შეეჭიდება და გაუმკლავდება დღევანდელ გამოწვევებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” რიგით მეხუთე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღეს ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ეკონომიკური გაძლიერება.

„არ არსებობს წინსვლა, განვითარება და პროგრესი მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე. ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევად ქვეყანაში სწორედ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას მივიჩნევ. რეგიონი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არის ერთდროულად შესაძლებლობებისა და გამოწვევის რეგიონი. ამიტომ პრაგმატული საგარეო პოლიტიკა ის უნიკალური ინსტრუმენტია, რომლითაც შესაძლებელია, ერთი მხრივ, არსებულ გამოწვევებთან გამკლავება და იმავდროულად, ყველა იმ სიკეთით სარგებლობა, რომელიც ასე უხვადაა ჩვენს რეგიონში. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების დღის წესრიგზე. ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმების შედეგად, საქართველოში წარმოებული პროდუქცია მსოფლიოს უმსხვილეს ბაზრებზე გავიდა. უპრეცედენტოდ დინამიკურად ვითარდება ტურიზმი, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. ჩვენი მთავარი გამოწვევა დღეს სწორედ ეკონომიკის სწრაფი აღმავლობის მიღწევა გახლავთ. ამას ემსახურება ჩვენ მიერ დაწყებული დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებითაც უნდა აღმოიფხვრას დედაქალაქსა და რეგიონებს შორის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული უთანაბრობა. ამას ისახავს მიზნად აგრეთვე ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება, საბაზრო ეკონომიკას მორგებული, თანამედროვე ცოდნით მოქალაქეების აღჭურვა და რა თქმა უნდა, მოქნილი მმართველობის სისტემა. სწორედ ამ პროგრამით გაიმარჯვა ჩვენმა პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო და 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და სწორედ ამაზეა ორიენტირებული ჩვენი გუნდის მუშაობა. ჩვენ ვიცით, რომ კიდევ მეტი ძალისხმევა და მეტი ტემპი გვჭირდება, რათა უფრო სწრაფად გავუმკლავდეთ იმ გამოწვევას, რასაც უმუშევრობა ჰქვია.
სიღარიბის დამარცხების ერთადერთი გზა ეს არის სამუშაო ადგილების შექმნა და ჩვენი მოქალაქეების დასაქმება. სამუშაო ადგილებს ბიზნესი ქმნის და ეს არის ამ პრობლემის გადაწყვეტა. ამიტომაც, ჩემი მოტივაციაა და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბიზნესს ჰქონდეს ჯანსაღი, ხელსაყრელი და კონკურენტული, უსაფრთხო და სტაბილური გარემო, რომ დამწყები ბიზნესი იყოს წახალისებული და ახალგაზრდებში ამაღლდეს სამეწარმეო სულისკვეთება. მე მჯერა, რომ თანმიმდევრული ნაბიჯებით და საერთო ძალისხმევით დავძლევთ ჩვენ წინაშე მდგარ გამოწვევებს და ქვეყანა გააგრძელებს წინსვლას. დღეს ყრილობა ირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტისა და მისდამი ხალხის ნდობის ფაქტორის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ განახლებული ენერგიით შეეჭიდება და გაუმკლავდება დღევანდელ გამოწვევებს. მინდა, წარმატება ვუსურვო ბატონ ბიძინას და “ქართული ოცნების” თითოეულ წევრს იმ დიდ საქმეში, რასაც ქვეყნისა და ხალხის სამსახური ჰქვია“, -განაცხადა კვირიკაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0