საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
დავით უსუფაშვილმა დამსწრეთ სიტყვით მიმართა და პერსონალური მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. მისი განცხადებით, დღევანდელი დღე თანამედროვე დემოკრატიულ მსოფლიოში აღინიშნება, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა.
„ესაა მოვლენა, ვინაიდან, პირადი ცხოვრების დაცვა, პერსონალური მონაცემების დაცვა-ეს არის ერთ-ერთი ის ახალი სტანდარტი, რომელიც მსოფლიოში დაინერგა, სულ ორი ათეული წელი გვაშორებს იმ დღეებს, როდესაც საკითხი დადგა იმ დონეზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დოკუმენტების მიღება და კონკრეტული მექანიზმების შემუშავება გახდა აუცილებელი და მე მოხარული ვარ, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყნების რიგებში, ყოველ შემთხვევაში, საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საპარლამენტო კონტროლის ქვეშ მოქცევამ საჯარო დაწესებულებათა სისტემაში ამ უწყების დატვირთვა და როლი გააძლიერა. მისივე შეფასებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის წარმატებულ მუშაობას უკავშირდება ის ფაქტი,რომ მოქალაქეებმა უფრო მეტი იციან იმის შესახებ, რომ სახელმწიფო, ამ საკითხში, მათი უფლებების დაცვის სადარაჯოზე დგას.
„ჩვენ, საქართველოს პარლამენტმა, მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, საკანონმდებლო დონეზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და მისი გუნდი, მისი სამსახური, ეს უწყება, საპარლამენტო კონტროლის ქვეშ მოექცა, ამან მისი დატვირთვა, მისი როლიც გააძლიერა ჩვენს საჯარო დაწესებულბათა სისტემაში. ჩვენ, მგონი, ძალიან გამჭვირვალე და კარგად ორგანიზებული პროცესის შედეგად შევარჩიეთ ამ უწყების ხელმძღვანელი, რომლის ძალიან კარგ მუშაობას უკავშირდება ის ფაქტი, რომ საქართველოში ეს საკითხი ხდება უფრო და უფრო პოპულარული და ჩვენმა მოქალაქეებმაც უფრო და უფრო მეტი იციან იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო სწორედ ამ სფეროში, ამ საკითხში, დგას მათი უფლებების დაცვის სადარაჯოზე“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, როდესაც საუბარია პერსონალური მონაცემების დაცვაზე, ეს მხოლოდ უკანონო გზით მოპოვებული მონაცემების დაცვას არ ეხება.
„ამასთანავე, ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ როდესაც პერსონალური მონაცემების დაცვაზე ვსაუბრობთ, არ ვლაპარაკობთ მხოლოდ უკანონო გზით მოპოვებული მონაცემების დაცვაზე-კანონიერი, ლეგალური გზით მოპოვებული ინფორმაცია როგორ უნდა ინახებოდეს, როგორ არ უნდა ვრცელდებოდეს ერთი უწყებიდან მეორე უწყებაში, როგორ უნდა გვქონდეს იმის განცდა, რომ თითოეული ჩვენგანის მონაცემები ფინანსების სფეროში, ჯანდაცვის სფეროში, შეხედულებების სფეროში და სხვა საკითხებში, რომელიც სახელმწიფო დაწესებულებებში ინახება, არ იქნება გამოყენებული ჩვენსავე საწინააღმდეგოდ, რომ პირიქით, ეს მონაცემები სახელმწიფო დაწესებულებებს და ორგანოებს სჭირდებათ იმისთვის, რომ უკეთესი მომსახურება გაგვიწიონ და არა იმისთვის, რომ ამ მონაცემების საფუძველზე რაღაც სხვა დასკვნები კეთდებოდეს და ჩვენ ვიყოთ ტოტალური დაკვირვების და ტოტალური თვალთვალის ქვეშ“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით ამ სისტემას მუდმივად დახვეწა სჭირდება.როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ის მოხარულია, რომ საქართველოს მთავრობამ თავიდანვე სერიოზული ყურადღება დაუთმო და სპეციალიზირებული უწყება სათანადო ადამიანური რესურსითა და ინსტრუმენტებითაა უზრუნველყოფილი.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, ქვეყანა და საზოგადოება თავისუფალი მაშინაა, როდესაც საჯარო დაწესებულებები ბოლომდე ღიაა, ხოლო პირადი ცხოვრება და მისი გასაჯაროება – თავად ადამიანებზე დამოკიდებული.
„ მე დარწმუნებული ვარ, რომ სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქე მიიღებს სარგებელს ამ სისტემისგან და ჩვენ ამითი ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას, გავხდით უფრო დაცულს და უფრო თავისუფალს და დავძლევთ იმ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც, როგორც ჩანს, ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის რაღაც სახადივითაა, იმიტომ, რომ, ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, პირადი ცხოვრების გამჭვირვალობისკენ უფრო გაგვირბის თვალი და არა საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობისკენ. არადა, ეს ყველაფერი პირიქით უნდა იყოს-ქვეყანა და საზოგადოება მაშინ არის თავისუფალი, როდესაც საჯარო დაწესებულებებია ბოლომდე ღია, ხოლო ჩვენი პირადი ცხოვრებაა ბოლომდე ჩვენს ხელში და ჩვენზეა დამოკიდებული, რას და როდის გავასაჯაროებთ. ეს სტარდარტი დასამკვიდრებელია და მოხარული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანია ამაში ჩართული“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილთან ერთად, დამსწრეთ სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა – თამარ ქალდანმა და ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ – შტეფან შტორკმა მიმართეს. თამარ ქალდანმა დავით უსუფაშვილს და საქართველოს პარლამენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
დღესვე, ინსპექტორის აპარატმა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით გამართული ფოტო, ვიდეო და პოსტერების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეს პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის აპარატი საქართველოში უკვე მესამე წელია, აღნიშნავს. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტის წევრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
დარწმუნებული ვარ, რომ სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქე მიიღებს სარგებელს ამ სისტემისგან
29/01/2016