დარიალის ხეობაში ორ კილომეტრამდე სიგრძის ახალი გვირაბი გაიხსნა

09/09/2018

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132 – კმ135 მონაკვეთზე, დაახლოებით 2 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა. ახალი გვირაბი, საქართველოს რეგიონული განვიტარებისა და ინფარსტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გახსნეს.
1,7კმ-იანი სიგრძის ახალი გვირაბი, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 8.5მ-ია დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას აშენდა.
დარიალის გვირაბი ამ დროისთვის, უპრეცენდენტოა საქართველოში. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, რიკოთის საავტომობილო გვირაბის მშენებლობის შემდეგ, მსგავსი მასშტაბის გვირაბის მშენებლობა საქართველოში არ განხორციელებულა.
დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამდენჯერმე განმეორდა. ხეობაში მეწყერი ჩამოწვა, რამაც მდინარე თერგის ჩახერგვა და წყლის ადიდება გამოიწვია. სტიქიის შედეგად დიდი ოდენობით მიწის მასა ჩამოიშალა, რის გამოც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გადაადგილება შეწყდა. 2014 წლის სტიქიას კი ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.
სტიქიის განმეორების რისკი, საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას. ასევე, სტიქიის პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, რაც ქვეყნისთვის, საშუალოდ მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად.
გვირაბის აშენების შედეგად, სრულად მოგვარდება არსებული პრობლემა და დარიალის ხეობაში გადაადგილება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი. გვირაბის მშენებლობა, ასევე, აუცილებელი იყო საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებისთვის და ამ მიმართულებით ქვეყანას ექნება სტაბილური სატრანზიტო გზა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი საკონტრაქტო ღირებულება 51 892 174.44 ლარია. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო და მსგავსი მასშტაბური პროექტისთვის უმოკლეს ვადაში – 2018 წლის აგვისტოში დასრულდა. პროექტის ფარგლებში დასაქმებული იყო 140 ადამიანი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0