დარეჯანის სასახლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

04/04/2024

თბილისის განვითარების ფონდი დარეჯანის სასახლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

„დავიწყეთ დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია. თბილისის განვითარების ფონდი მუშაობს აღნიშნულ პროექტზე. სამუშაოების პირველი ეტაპი ჩვენ გასულ წელს დავამთავრეთ. ეს იყო მთლიანი კედლის რეაბილიტაცია, რომელიც იყო ავარიულ და მძიმე მდგომარეობაში. ასევე, გალავანს აზიანებდა წყალი. ეს ყველაფერი სრულად მოწესრიგდა და ამჟამად მიმდინარეობს პროექტის შემდგომი ეტაპი – უშუალოდ სასახლის რეაბილიტაცია. იცვლება აივნის საყრდენები, კოჭები. ეს აივანი ძალიან ღირებულია აღნიშნული სასახლისთვის. პარალელურად მიმდინარეობს ეზოს მოპირკეთება. აგვისტოში ყველა სამუშაო დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დარეჯანის სასახლის აივნების რეაბილიტაცია, სახურავის შეცვლა და დიდი ოთახის სარემონტო სამუშაოები. პროექტის ბიუჯეტი 405 000 ლარია. სამუშაოების ადგილზე გასაცნობად მერთან ერთად იმყოფებოდნენ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ლაბუჩიძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0