დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში მოისმინა. ანგარიში კომიტეტს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა გვანცა ჩხეიძემ გააცნო.
ანგარიში მოიცავდა სატელეკომუნიკაციო სფეროში მომხმარებელთა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას, საჩივრების მიღება-განხილვისა და მათზე რეაგირების მიზნით გაწეულ საქმიანობას 2022 წლის 1 იანვრიდან – 31 დეკემბრის ჩათვლით. ანგარიშში ასახულია მოქალაქეთა საჩივრების თემატურ ჭრილში გაანალიზების, სამონიტორინგო საქმიანობის, გაწეული კონსულტაციის სტატისტიკა და ინფორმაცია განხორციელებული პროექტების შესახებ.
„სტატისტიკური მაჩვენებლების ანალიზი აჩვენებს, რომ საანგარიშო პერიოდშიც არ შეცვლილა მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორების წინააღმდეგ მიმართვიანობის მაჩვენებელი. საზოგადოებრივი დამცველის სამსახური კი საანგარიშო პერიოდშიც ინარჩუნებდა დაკმაყოფილებულ მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის ტენდენციას“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მან ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე.
კომიტეტმა დღეს სხდომაზე კიდევ ერთი ანგარიში მოისმინა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენი) 2022 წლის ანგარიში ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა წარადგინა. მან დეტალურად ისაუბრა სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სტატისტიკასა და მონაცემებზე, წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის სექტორების პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეთა განცხადებების რაოდენობის, მათზე რეაგირების მიზნით გაწეული საქმიანობის შესახებ და მომსახურების ხარისხის კონტროლის ღონისძიებებზე.
„ენერგოომბუდსმენს მომართავენ როგორც მოქალაქეები, ასევე მსხვილი და საშუალო ბიზნესის მქონე იურიდიული პირები. საკმაოდ მაღალია მომართვიანობა სახელმწიფო უწყებების მხრიდანაც. აღნიშნული სტატისტიკური მაჩვენებლები ქმნიან იმ პრობლემური საკითხების თვალნათელ სურათს, რომლის გაანალიზება და გადაწყვეტაც არის ჩვენი სამსახურის ფუნქცია“, – განაცხადა მომხსენებელმა და დეტალურად ისაუბრა მიღებული კორესპონდენციებისა და მათზე რეაგირების შესახებ.
მომხსენებლებმა უპასუხეს დეპუტატების შეკითხვებს. მოსმენილი ანგარიშები კომიტეტმა ცნობად მიიღო. სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმას.