დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (“საქსტატი”)2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა. ანგარიში დეპუტატებს სამსახურის დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ წარუდგინა. დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას სტატისტიკის სამსახურის ორგანიზაციული სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შესახებ; საანგარიშო წლის ბიუჯეტს, რომელშიც თავის მხრივ ასახულია ხარჯების კლასიფიკაცია, ბიუჯეტის შესრულების მონაცემები, სტატისტიკური სამუშაოების დაგეგმვისა და მართვის ბიუჯეტი, „საქსტატის“ მიერ 2022 წელს მიღებული მიზნობრივი დაფინანსება (გრანტები) და ტექნიკური დახმარება. ასევე საანგარიშო წელს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და ხარჯები. გოგიტა თოდრაძემ რამდენიმე მიმართულებით დანერგილი სიახლეებისა და განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სიახლეები დაინერგა მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების, სტატისტიკის არეალის გაფართოების და სტატისტიკის გამოყენების გაუმჯობესების მიმართულებით, რაც მედიასთან ინტენსიურ თანამშრომლობას, მომხმარებლებთან აქტიურ დიალოგს, მათი მოთხოვნების და საჭიროებების შესწავლა-გაანალიზებას გულისხმობს. მომხსენებელმა ახალი პროდუქტების შექმნასა და სერვისების ამოქმედებაზე ისაუბრა. მისი თქმით, 2022 წელს, „საქსტატმა“ მომხმარებლებს რამდენიმე ახალი ინტერაქტიული ვებ-პორტალი შესთავაზა: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) პორტალი და ეკონომიკური ანალიზის პორტალი. „საქსტატის“ ვებ-გვერდზე განთავსდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატისტიკის პორტალი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სწრაფად და ადვილად მოიძიონ სანდო სტატისტიკური მონაცემები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ და გააანალიზონ ისინი ასაკობრივ, რეგიონულ და სხვადასხვა ჭრილში.
ანგარიშის თანახმად, „საქსტატი“ 2022 წლის განმავლობაში აქტიურად განაგრძობდა გენდერული სტატისტიკის პორტალის განვითარებას და სრულყოფას. ასევე, გასულ წელს „საქსტატმა“ ფასთა ინდექსაციის კალკულატორი შეიმუშავა, რომლის მიზანია ფასთა ინდექსაციით მოსარგებლე სამშენებლო კომპანიებისთვის მარტივი პროცედურის შეთავაზება. ანგარიშში ასევე წარმოდგენილია საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტები.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
18/12/2023