დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა. ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა. მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის პარამეტრი 2024 წლისთვის 5,2%-ის ოდენობითაა განსაზღვრული.
„ჯამში ნაერთ ბიუჯეტში გვაქვს ხარჯვის პარამეტრი ჯამური 27,8 მილიარდი ლარი, საიდანაც 24,2 მილიარდი არის სახელმწიფო ბიუჯეტი, დანარჩენი მუნიციპალური და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები“, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
გიორგი კაკაურიძემ ასევე ისაუბრა ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრებზე, სადაც საგადასახადო შემოსავლები 21 მილიარდ 242 მილიონი ლარია. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, შემოსულობები 23 მილიარდ 882 მლნ ლარით განისაზღვრა. პრივატიზაციიდან ნაერთი ბიუჯეტის წილი 350 მლნ ლარს შეადგენს. მომხსენებელმა ასევე დეტალურად ისაუბრა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რომელიც 24 მილიარდ 161 მლნ ლარით განისაზღვრა. კომიტეტის ინტერესის სფეროში შემავალ უწყებებთან დაკავშირებით გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება გათვალისწინებულია 646 მლნ ლარით, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა 305 მლნ ლარი მიმართულია მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამებისთვის; ტურიზმის ხელშეწყობაზე 33 მლნ ლარია გათვალისწინებული, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის – 77 მლნ ლარი, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის – 120 მლნ ლარია გათვალისწინებული. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს დაფინანსება განისაზღვრა 24 მლნ ლარით, კონკურენციის სააგენტოს დაფინანსება – 5 მლნ ლარით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის 400 მლნ ლარია გამოყოფილი. გიორგი კაკაურიძის თქმით, ამ ეტაპზე წარმოდგენილია ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი, ერთობლივი მუშაობის შედეგად ნოემბრის ბოლოსთვის პარლამენტში შემოვა ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია, რომელსაც პარლამენტი დეკემბერში უყრის კენჭს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს.