დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

08/05/2023

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი განიხილა.
კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სისტემის განვითარების ხელშეწყობას, ასევე, „ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და მათი საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ ლისაბონის შეთანხმების ჟენევის აქტთან“ და ევროკავშირში არსებული გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემასთან ჰარმონიზებას. მომხსენებლის, ნინო წილოსანის განცხადებით, მოძველებული კანონი ვერ ასახავს ევროკავშირის სისტემურ ნორმებს და რიგ შემთხვევაში, შეიძლება შემაფერხებელიც იყოს აღნიშნული საკითხის განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, კანონპროექტის ახლებური ვერსია ჩაანაცვლებს არსებულ კანონს.

„კანონპროექტის შესაბამისად, შეიქმნება ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციური მექანიზმი, რაც ხელს შეუწყობს სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებასა და უფლებების აღსრულებას. პროექტით სრულიად ახლებურად რეგულირდება ექსპერტიზისა და რეგისტრაციის პროცედურასთან დაკავშირებული საკითხები. ინერგება სერტიფიცირების და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ახლებური მექანიზმი. გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემისა და ზოგადად, ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარება საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც ასევე წარმოადგენს „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) მნიშვნელოვან საკითხს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კანონპროექტის მიღებით შეიქმნება გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტიანი სისტემა, რომლის არსებობაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საექსპორტო პოტენციალის ზრდას, ახალი ბაზრების ათვისებასა და მაღალ კონკურენტუნარიან გარემოში განსაკუთრებული ადგილის დამკვიდრებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0