დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონპროექტზე იმსჯელა

01/05/2023

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია ოფიციალური სტატისტიკის სფეროში კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან და ევროპულ კანონმდებლობასთან მიახლოება.

„აღნიშნული კანონპროექტის მიღების შედეგად ჩვენი კანონმდებლობა კიდევ უფრო დაუახლოვდება ოფიციალური სტატისტიკის მოდელურ კანონს და ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსს. ამასთან, შესრულდება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 ნოემბრის დადგენილებით დამტკიცებული 2020-2023 წლების საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის რიგი ვალდებულებები“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისივე თქმით, კანონპროექტის მომზადებას წინ უძღოდა სტატისტიკის სისტემის გლობალური შეფასება, რომელიც განხორციელდა ევროსტატის, გაეროს ეკონომიკური ევროპული კომისიის და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის თანამშრომლობით. კანონპროექტი ადგენს სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში შემავალი ორგანოების უფლებებსა და მოვალეობებს, მათი მოქმედების სფეროებს, სტატისტიკის შემუშავების, წარმოებისა და გავრცელების ძირითად პრინციპებს.
განსაზღვრავს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პროფესიულ დამოუკიდებლობას და მოწინავე როლს სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში. კანონპროექტი ასევე ადგენს რესპონდენტების მოვალეობებს და უზრუნველყოფს მათი უფლებებისა და კონფიდენციალური მონაცემების დაცვას. არეგულირებს სტატისტიკის მწარმოებლების წვდომას ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებთან და მათ გამოყენებას სტატისტიკური მიზნებისთვის. კომიტეტმა დაუჭირა მხარი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0