დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი „კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორის განახლებული სტრატეგიისა და მისი ეკონომიკური შედეგების“ თაობაზე დაწყებული თემატური მოკვლევის ფარგლებში საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, Webex პლატფორმის საშუალებით ჩატარდა. კომიტეტმა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული თემატური მოკვლევა დაიწყო კოვიდ პანდემიის პერიოდში და მის შემდგომ ტურიზმის აღდგენითი გეგმის მხარდასაჭერად. მოკვლევა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარეობს. მოკვლევის ტექნიკური პირობები და კითხვარი საჯარო სექტორში ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებულ უწყებებს დაეგზავნათ.
დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა აღნიშნულ დარგებში ტურიზმის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მათი აღმოფხვრის გზებზე ისაუბრეს. მომხსენებლებმა უპასუხეს დეპუტატების შეკითხვებს. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, დღეს განხილული ყველა საკითხი აისახება კომიტეტის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში, რომლებიც მოკვლევის დასრულების შემდეგ, ტურიზმის სფეროსთან შემხებლობაში მყოფ ყველა დაინტერესებულ მხარეს დაეგზავნება.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ტურიზმის აღდგენის მხარდასაჭერად დაწყებული თემატური მოკვლევის თაობაზე საჯარო სექტორთან შეხვედრა გამართა
24/01/2022