ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარების საკითხები და მეთევზეობის დარგში არსებული გამოწვევები განიხილა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“ თავმჯდომარესთან, სოფიო დიასამიძესთან შეხვედრაზე.
“წარმოების სრული ჯაჭვის განვითარების გარეშე, ქვეყანაში მეთევზეობის დარგი ვერ გაძლიერდება. აღნიშნული მიმართულებით არსებობს გამოწვევები, რომელთა დაძლევისთვის სახელმწიფოსთან ერთად, დარგობრივი ასოციაციების აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მე-4 ფაზა, რომელიც სექტემბრიდან დაიწყება, ითვალისწინებს დარგობრივი ასოციაციების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერას, რაც სოფლის მეურნეობის ეფექტიან განვითარებას შეუწყობს ხელს. უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტი „აკვაკულტურის შესახებ“, რომელიც შემუშავდა და პარლამენტშია წარდგენილი, სექტორში არსებულ ბევრ პრობლემას დაარეგულირებს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც სოფიო დიასამიძემ აღნიშნა, ასოციაციის თევზსაშენ მეურნეობებში სრულად გამართულია ლიფსიტის წარმოების ტექნოლოგიური ხაზი. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბენეფიციარი მეთევზე ფერმერებისთვის თევზის მოშენების სრული ციკლის სწავლებას. ამასთან, თევზის მეურნეობების განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში ლიფსიტის ხარისხიან საკვებზე და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა. ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯი“ 65 წევრს აერთიანებს. ასოციაციის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში თევზსაშენი მეურნეობების განვითარებას, ჯანსაღი გენეტიკის ლიფსიტის წარმოება-გამრავლებას და მეთევზე ფერმერების ცოდნის ამაღლებას.