დავიკავე მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა – ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა, ვინაიდან ამ პარტიით მოვედი პოლიტიკაში და, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მშობლიური, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ოჯახი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის VIII ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს „ძმური თანადგომა“ გამოუცხადა და აღნიშნა, რომ „როგორც ერთიანი, გუნდი ასე გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მსახურებას“.
„კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ დღეს ოფიციალურად განხორციელდა ცვლილებები. მე დავიკავე მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. კიდევ ვიმეორებ, რომ ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა, ვინაიდან ამ პარტიით მოვედი პოლიტიკაში და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მშობლიური, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ოჯახი. მეორე, ჩემს მეგობარს ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთხელ მინდა, ვუსურვო წარმატება. ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ მას ძმურ თანადგომას ვპირდები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთი გუნდი ვართ და როგორც ერთიანი, გუნდი ასე გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მსახურებას. მესამე ისაა, რომ წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა იქნება არჩევნები. ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან რთული არჩევნებია 2024 წლის 26 ოქტომბერს. რთული იმ თვალსაზრისით, რომ რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა. საჭიროა, მაქსიმალური მობილიზება გავუკეთოთ ჩვენს პარტიას, ჩვენს ამომრჩეველს და ძლიერად მოვიგოთ ეს არჩევნები. ჩვენი ამბიციაა, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს არის ჩვენი მიზანი. რა გამოვა, ამას ვნახავთ. მე მეტ დროს დავუთმობ, რა თქმა უნდა, პარტიულ საქმიანობაა და პარტიის გუნდთან ერთად გავაგრძელებ მუშაობას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა.