რუსთავის მერიას ისრაელის ფინანსურ დირექტორთა ასოციაციის (MFDA) ათკაციანი დელეგაცია ესტუმრა, რომლის შემადგენლობაში სხვადასხვა ქალაქის ფინანსური დირექტორები შედიან. დელეგაციის წევრები ასოციაციის გენერალური მდივნის, ტომერ ბიტონის ხელმძღვანელობით, რუსთავის მერი დავით ჯიქიასა და მერის მოადგილე გოჩა ლორიას შეხვდნენ.
შეხვედრაზე დავით ჯიქიამ ებრაელ სტუმრებს ქალაქის მერიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, რუსთავში უკვე განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. სტუმრები რეგიონების დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებისა და აღსრულების საკითხებითაც დაინტერესდნენ.
შეხვედრის დასასრულს, საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთანამშრომლობის მნიშვნელობას გაესვა ხაზი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათი ურთიერთობა მომავალში სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი ფინანსური გამოცდილების გაზიარების კუთხით კიდევ უფრო გაღრმავდება.
ფინანსისტთა ასოციაციასა და რუსთავის მერიას შორის ურთიერთობას მიმდინარე წლის თებერვალში, რუსთავის მერის დავით ჯიქიას კანადის ქალაქ ტორონტოში ვიზიტის დროს ჩაეყარა საფუძველი, რომლის ფარგლებშიც, ის კანადისა და აშშ-ს ფინანსისტთა ასოციაციის ყრილობას დაესწრო.
დავით ჯიქია ისრაელის ფინანსურ დირექტორთა ასოციაციის დელეგაციას შეხვდა
02/08/2016