21 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში ვახტანგ ლაბაძე დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო ოთახში მიიღო. დავით შერაზადიშვილმა ჩემპიონს მიღწეული წარმატებები მიულოცა და მომავაში მხარდაჭერა აღუთქვა.
მიღწეული შედეგისთვის „ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესი“-ს შესაბამისად ჩემპიონ ვახტანგ ლაბაძეს ერთჯერადად ფულადი ჯილდო 3000, ხოლო მის მწვრთნელს 1500 ლარი ჩაერიცხებათ.
გარდა ამისა, ვახტანგ ლაბაძე უკვე რამდენიმე წელია მუნიციპალიტეტის სტიპენდიანტიც გახლავთ და ყოველთვიურად მერიისაგან 150 ლარს იღებს.
28 მაისს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ბოლნისელი ვახტანგ ლაბაძე ევროპის ჩემპიონი გახდა. ევროპის 28-ე ჩემპიონატზე მკლავჭიდში მან, 80 კგ. წონით კატეგორიაში, I ადგილი მარცხენაში წარმატებით მოიპოვა.
ახალგაზრდა სპორტსმენი ევროპის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატიათვის იწყებს მზადებას, რომელიც ოქტომბერში თურქეთში გაიმართება.
“მეც ისევე, როგორც ყველა ბოლნისელი, გახარებული ვარ იმით, რომ ჩვენი თანამოქალაქე ვახტანგ ლაბაძე გახდა ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში. მინდა მივულოცო მას, მის მწვრთნელს, ოჯახს. ეს ვახტანგისთვის პირველი ტიტული არ გახლავთ, ის უკვე არის მსოფლიო, ევროპის და საქართველოს ჩემპიონი. სასიხარულოა, რომ ვახტანგი არის საოცრად შრომისმოყვარე, რის გამოც შედეგებს კიდევ უფრო აუმჯობესებს. მინდა მას წარმატებები ვუსურვო მსოფლიო ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა მერია ასეთი სპორტსმენებს ამჯერადაც წაახალისებს და მას ერთჯერად ფულად ჯილდოს, 3000 ლარს ჩაურიცხავს“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.