კომპანია RMG-ის ინიციატივით 17 დეკემბერს საქართველოში სამთოელის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით დაბა კაზრეთში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც „2019 წლის სამთოელები“ გამოვლინდნენ, რომლებსაც კომპანიისგან საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიებას ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე და ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი დაესწრნენ. დავით შერაზადიშვილმა სამთოელებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა. მან ასევე ერთ-ერთ სამთოელს RMG-ის მიერ დაწესებული ჯილდოც გადასცა.
„ნამდვილად ძალიან კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი დღეს. ზრუნავდე და აფასებდე საკუთარ თანამშრომელს, არის ყველაზე დიდი პატივისცემა, რაც კი შეიძლება დამსაქმებელმა დასაქმებულის მიმართ გამოხატოს. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ძლიერ კომპანიაში მუშაობთ. მოგეხსენებათ სამთო-მოპოვებით მრეწველობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და თქვენი როლი ამ მხრივ განსაკუთრებულია. ბოლნისის მერია ყოველთვის ცდილობს კერძო ბიზნეს ხელი შეუწყოს და მას რაც შეიძლება ხელსაყრელი სამუშაო გარემო შეუქმნას, ამის ნათელი დასტური კი არემჯისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლობაა. ვფიქრობ, აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს თქვენი საქმიანობისა და პროფესიის ცნობადობის გაზრდას და ბევრი ახალგაზრდისთვის გახდებით მაგალითის მიმცემი. მინდა მთელი გულით მოგილოცოთ “სამთოელის დღე“ და წარმატებები გისურვოთ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.