ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი რუმინეთის ქალაქ კონსტანტაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში ოქროს მედლის მფლობელსა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრს ვახტანგ ლაბაძეს სამუშაო ოთახში შეხვდა და საქართვე,ლოს პარლამენტის წევრ გოგი მეშველიანთან ერთად მიღწეული წარმატება მიულოცა და მომავალში მხარდაჭერა აღუთქვა. მიღწეული შედეგისთვის „ბოლნისის მუნიციპალიტეტში უმაღლესი განათლების, ერუდიციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების წესი“-ს შესაბამისად ჩემპიონ ვახტანგ ლაბაძეს ერთჯერადად ფულადი ჯილდო ჩერიცხება. გარდა ამისა, ვახტანგ ლაბაძე უკვე რამდენიმე წელია მუნიციპალიტეტის სტიპენდიანტიც გახლავთ და ყოველთვიურად მერიისაგან 150 ლარს იღებს.
“დღეს შევხვდით ჩვენს საამაყო ბოლნისელ სპორტსმენს, ვახტანგ ლაბაძეს, რომელმაც კიდევ ერთხელ გაგვახარა,ის მკლავჭიდში უკვე მეორედ ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი გახდა. ვახტანგს გამარჯვება პირადად მივულოცე, ასევე ვულოცავ მის მწვრთნელსა და ოჯახს. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონობის გარდა ვახტანგი უკვე არის ევროპის და საქართველოს ჩემპიონატების პირველ ადგილოსანი. იგი საოცრად შრომისმოყვარე სპორტსმენია და მისი ასეთი მონდომება და მიზანდასახულობა ყველა ახალგაზრდისთვის მისაბაძია. დარწმუნებული ვარ, ის საქართველოს დროშას სხვადასხვა ჩემპიონატზე კვლავაც არაერთხელ ააფრიალებს. მინდა ვახტანს ამ შედეგისთვის მადლობა გადავუხადო და მომავალში კიდევ უფრო დიდი წარმატებები ვუსურვო”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.