დავით უსუფაშვილი ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

23/03/2016

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ქუვეითის სახელმწიფოში ვიზიტს აგრძელებს.

ვიზიტის ფარგლებში, დავით უსუფაშვილმა შეხვედრა ქვეყნის პრემიერ – მინისტრთან, მის აღმატებულება შეიხ ჯაბერ ალ მუბარაკ ალ ჰამად ალ საბაჰთან გამართა.

ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი მიესალმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს მის ქვეყანაში და ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. თავის მხრივ, დავით უსუფაშვილმა ჯაბერ ალ მუბარაკ ალ ჰამად ალ საბაჰს ქუვეითის სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ საბაჰ ალ-აჰმედ ალ საბაჰს ჩვენი ქვეყნის სავაჭრო, ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ყურის ქვეყნებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს. ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ვიზალიბერალიზაციისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესახებაც.

ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ – მინისტრმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარების დინამიკა დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება. მისივე თქმით, როგორც საქართველოს, ასევე ქუვეითის სახელმწიფოს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვთ, რაც მათთვის სასიკეთოდ უნდა იქნას გამოყენებული.

მხარეებმა 22 მარტს, ბრიუსელში განვითარებული მოვლენებისა და ტერორიზმის საფრთხეების შესახებ ისაუბრეს. ჯაბერ ალ მუბარაკ ალ ჰამად ალ საბაჰის განცხადებით, მისი ქვეყანა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ტერორიზმთან ბრძოლასა და ჰუმანიტარულ საქმიანობას.

ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო არსებული პრობლემების გადაწყვეტასა და მის წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევას უახლოეს მომავალში შეძლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0