პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ლატვიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, იანის ზლამეცთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
იანის ზლამეცმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარის, ინარა მურნიეცეს მოკითხვა გადასცა. დავით უსუფაშვილმა გაიხსენა მიმდინარე წელს, ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტი. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ნორდიკულ-ბალტიური რვიანის (NB8) ქვეყნებს (დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია, შვეეთი) შორის არსებულ ურთიერთობებზე და მათი გაღრმავების პერსპექტივებზე. იმედი გამოითქვა, რომ საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტი აღნიშნულ ფორმატში მუშაობას გააგრძელებს, რაც საქართველოს კავშირებს ნორდიკულ-ბალტიურ ქვეყნებთან კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დაინტერესდა წინასაარჩევნო ვითარებით და პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციით. მათ ისაუბრეს საარჩევნო სისტემაზე და მიმოიხილეს არსებული ვითარება და გამოწვევები. იანის ზლამეცმა აღნიშნა, რომ მისი საქართველოში ყოფნის მოკლე პერიოდში, წინასაარჩევნო პროცესი მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს. დავით უსუფაშვილმა სტუმარს საპარლამენტი საქმიანობა და პარლამენტის მუშაობის სპეციფიკა გააცნო.
საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
დავით უსუფაშვილი ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
13/09/2016