საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გაეროში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს. დავით უსუფაშვილმა გაეროში აკრედიტებულ ელჩებს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და საქართველოს პარლამენტის საქმიანობა გააცნო. მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებიც.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე, ვიზალიბერალიზაციის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესახებ . საუბარი შეეხო ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატსაც.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, რაზეც, თავის მხრივ, ელჩებმა აღნიშნეს, რომ ისინი ერთგულნი არიან ამ პოზიციის და საქართველოს მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებენ.
დავით უსუფაშვილი გაეროში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა
28/03/2016