საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს დავით სერგეენკოს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მოუსმინეს. მინისტრობის კანდიდატმა თავისი გამოსვლა სამინისტროების შერწყმაზე საუბრით დაიწყო. მისი განცხადებით სამინისტროს ოთხი მიმართულებიდან არცერთი არ გახდება მეორეხარისხოვანი. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხი სპეციფიკურია, რადგან ამ ადამიანებმა დაკარგეს ის, რასაც მათი წინა თაობები ქმნიდნენ. მიმართულებები, რასაც დევნილთა სამინისტრო ახორციელებდა ინტეგრაციის პროცესში სრულად იქნება გათვალისწინებული.
რაც შეეხება შრომისა და დასაქმების მიმართულებას. შეიქმნა და დაიხვეწა საკანონმდებლო ბაზა. დაინერგა სამმხრივი კომისია და შრომის ინსპექტირების სამსახური. მიუხედავად ამ რეფორმებისა გამოწვევები ისევ რჩება და სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით.
ჯანდაცვის სფეროში მთავარ მიღწევად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა რჩება. პროგრამის მეშვეობით გაორმაგდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც გეგმიური ამბულტორიული სერვისებისთვის მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს. შემცირდა ჯიბიდან დანახარჯები,თუმცა ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქვეყანაში 70 ახალი კლინიკა გაიხსა, რაც იმას ნიშნავს რომ ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობა გაუტოლდა საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. თუმცა მათი უმრავლესობა დედაქალაქში და დიდი ქალაქებშია თავმოყრილი.
დავით სერგეენკომ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა დროულად ჩაიტარონ სკრინინგი C ჰეპატიტზე, რადგან პროგრამის დასრულების დრო ლიმიტირებულია.
რაც შეეხება მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდას, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა გაფართოვება და პენსიონერებისა და შშმ პირებისთვის პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე წვდომა გაიზრდება.
2012 წლიდან დღემდე რამდენჯერმე გაიზარდა სოციალური პროგრამების ბიუჯეტი, თუმცა მიზნობრივი სოციალური დახმარების საკითხი ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა , მთელს მსოფლიოში არ არსებობს უხარვეზო და ყოვლისმომცველი პროგრამა. ზუსტად არის იდენტიფიცირებული მეთოდოლოგიის სუსტი წერტილები და მასზე სამინისტრო აქტიურად მუშაობს. რეფორმის მასშტაბის ცვილებები კი იქნება მაშინ, როდესაც მოხდება სისტემის დელეგირება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებზე და მას ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს.
დავით სერგეენკოს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მოუსმინეს
13/07/2018