საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს აჰმედ ჰასან ალ-ჰამადს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა კატარის კრიზისთან დაკავშირებული საკითხები მიმოიხილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო ოფიციალური დოჰას მიმართ წაყენებულ ულტიმატუმებს, ისევე როგორც რეგიონული სტაბილურობის ჭრილში ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) ერთიანობის საკითხსა და შექმნილი ბლოკადის შედეგებს.
შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას ისეთ სფეროებში, როგორიცაა – ტურიზმი, ვაჭრობა, განათლება, სოფლის მეურნეობა და სხვ. დადებითად შეფასდა არაბული ქვეყნებიდან ვიზიტორების რიცხვის ზრდა და კატარის ავიახაზების აქტიური წარმოდგენლობა საქართველოში.
კატარის სახელმწიფოს საგარეო სამინისტროს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა კატარში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესსა და მის მნიშვნელობას, როგორც ეკონომიკური ურთიერთობებისა და ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას.
კატარის სახელმწიფოსთვის არაბული ქვეყნების მიერ გამოცხადებული ბოიკოტის შემდეგ პოზიტიურ ჭრილში იქნა განხილული საქართველოს მიერ იმ შესაძლებლობის გამოყენება, რომელიც ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტისთვის ახალი ბაზრის გახსნას გულისხმობდა.
შეხვედრისას უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა „საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ გაეროს რეზოლუციასა“ და მის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, როგორც ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ამასთან ერთად, ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით ორმხრივ მხარდაჭერას.
შეხვედრის დასასრულს განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები და ორივე მხრიდან გამოითქვა ინტერესი და მზადყოფნა ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა;
უსაფრთხოებისა და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი დავით ბრაგვაძე;
საერთაშორისო ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის მრჩეველი ანა ქუთათელაძე;
საქართველოში კატარის სახელმწიფოს ელჩი მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფა;
კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი სალემ აბდულა ალ ჯაბერი;
კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივნის თანაშემწე მოჰამედ იაკობ ელ მუდადი;
კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლი მოჰამედ ელ ჯედა;
კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომელი აბდულა სალემ ალ მურაიქი;
საქართველოში კატარის სახელმწიფოს ელჩის თანაშემწე ქეთევან სვანიძე;
საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის დეპარტამენტის დირექტორი ნიკოლოზ რევაზიშვილი;
საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის დეპარტამენტის წარმომადგენელი ნათია ავლოკაშვილი.
დავით რაქვიაშვილი კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს აჰმედ ჰასან ალ-ჰამადს შეხვდა
14/08/2017