მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერ ბაკურ ავსაჯანიშვილთან და მის მოადგილე ტარიელ ხულელიძესთან ერთად, სოფელ ჯუთას მოსახლეობას შეხვდა.
მხარის პირველი პირი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელში არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნენ. მოსახლეობისგან პრიორიტეტული საკითხების, საჭიროებების, ასევე, არსებული პრობლემების შესახებ მოისმინეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
როგორც მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ განაცხადა, მთაში მცხოვრები მოსახლეობა დიდ ყურადღებას საჭიროებს, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე. ამიტომაც, ადგილობრივი ხელისუფლება, შესაბამის სამსახურებთან ერთად, აქტიურად იმუშავებს, რათა მოსახლეობას დიდთოვლობისგან გამოწვეული პრობლემები არ შეექმნას.
„ადგილობრივებთან ერთად სხვადასხვა საკითხი განვიხილეთ. მათ შორის ვისაუბრეთ ვაქცინაციაზეც. მახარებს ის ფაქტი, რომ ბევრი მათგანი უკვე აცრილია.
გარდა ამისა, ჩვენი საუბრის თემა ზამთრის სეზონზე ჩასატარებელ პრევენციულ სამუშაოებსაც შეეხო. რა თქმა უნდა, ყველანი ერთად შევთანხმდით არსებული პრობლემების მოგვარების გზებსა და სამომავლო გეგმებზე“. – განაცხადა დავით ნოზაძემ.
შეხვედრის დასრულებისას მხარის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაცია მისი პრიორიტეტია და ამიტომაც, შეხვედრებს, რეგიონის მასშტაბით, ინტენსიურ რეჟიმში გააგრძელებს.
დავით ნოზაძე სოფელ ჯუთას მოსახლეობას შეხვდა
22/11/2021