თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტ ნათია ლოლაძესთან ერთად, ,,ხანდაზმულთა სოციალურ ცენტრში“ იმყოფებოდა.
დედაქალაქის მერი ადგილზე გაეცნო ცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბებული სხვადასხვა ჯგუფების საქმიანობას. ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე და განიხილეს სამომავლო გეგმები. ცენტრის ბენეფიციარებისთვის, პერიოდულად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ეწყობა ექსკურსიები. მიღებული გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მერია მომდევნო გასვლით ღონისძიებაზე მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
ცენტრი თბილისის მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის, რამდენიმე წლის წინ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული ერთობლივი პროგრამის ფარგლებში შეიქმნა.
„ჩვენ წითელ ჯვართან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. აქტიურად ვეხმარებით ცენტრს, რომ ბენეფიციარებს უკეთესი პირობები ქონდეთ. გავეცანით მათ საჭიროებებს და გავაგრძელებთ სამომავლოდ მათ დახმარებას. გარდა ამისა, აქტიურად ვაფინანსებთ სხვადასხვა სახის სოციალურ პროგრამებს, რომლითაც ისინი სარგებლობენ“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი, სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი. ასევე, მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები.