დავით ნარმანია კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო

13/10/2017

თბილისის მერი დავით ნარმანია, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად, კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრისა და საქართველოში კატასტროფის მართვის სფეროში მომუშავე 11 საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო პარტნიორების მიერ განხორციელებული პროგრამების ამსახველი საინფორმაციო ვიდეორგოლები, ფოტომასალა და ინფოგრაფიკა, ასევე, ორგანიზაციების მიერ ცალკეული პროექტების ფარგლებში წარმოებული პროდუქცია. გაიმართა სიმულაციური და ინტეგრაციის სავარჯიშოები, ასევე, ვიქტორინა ბავშვებისთვის.
1996 წლიდან „ბუნებრივი კატასტროფის მიმართ მზაობით, სიცოცხლისა და მოსახლეობის საარსებო წყაროს გადარჩენა“ ევროკომისიის კატასტროფისთვის მზადყოფნის პროგრამის “DIPECHO” მთავარი პრინციპია. საქართველოში ამჟამად ხორციელდება პროგრამის მეხუთე ფაზა, რაც მიზნად ისახავს საზოგადოებისა და ადგილობრივი ინსტიტუციების შესაძლებლობების გაზრდას კატასტროფის მიმართ მზაობისა და მასზე რეაგირების საკითხებში.
პროგრამაში მონაწილე პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევის მიზანია დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და კატასტროფის რისკის შემცირებასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებში გამოცდილების გაზიარება. პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთავრობასთან, რეგიონულ და ადგილობრივ თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რათა ხელი შეეწყოს კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკის, კანონმდებლობისა და მდგრადი პროგრამების განხორციელებას.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში პროექტი კატასტროფის რისკების შემცირებასთან დაკავშირებით წარმატებით ხორციელდება. ტარდება ტრენინგები და სიმულაციური ვარჯიშები.
კატასტროფის რისკის შემცირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებათა ცენტრში – Underwheel გამართულ ფოტოგამოფენაზე დამსწრე საზოგადოებას მერის მრჩეველმა მედეგობის საკითხებში ანა არდელინმა მიმართა. დავით ნარმანიას თქმით, თბილისი პროექტ „100 მედეგი ქალაქის“ წევრი გახდა, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც, სწორედ, რისკების შემცირება და პრევენციაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0