დავით ნარმანიას ორი ახალი მოადგილე ჰყავს

02/08/2016

თბილისის მერს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერის მოადგილის პოსტებზე გიგა ნიკოლეიშვილი და ნატო ქიტიაშვილი დაამტკიცა. ქიტიაშვილი ამ დრომდე თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი იყო, ნიკოლეიშვილი კი დედაქალაქის მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.
აღნიშნულ პოსტებზე ნატო ქიტიაშვილისა და გიგა ნიკოლეიშვილის კანდიდატურები საკრებულოს წევრებს მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ წარუდგინა, რის შემდეგაც დეპუტატებმა ნატო ქიტიაშვილის სამოქმედო გეგმას მოუსმინეს და კითხვებითაც მიმართეს. საბოლოოდ, მას მხარი დაუჭირა 26-მა დეპუტატმა, 9 მოწინააღმდეგე იყო, 4-მა კი თავი შეიკავა. რაც შეეხება გიგა ნიკოლეიშვილს, საკრებულოს სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი 23-მა დეპუტატმა დაუჭირა, 17 წინააღმდეგი იყო, სამმა კი თავი შეიკავა. მისი კანდიდატურის წარდგენის დროს საკრებულოში ოპოზიციამ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა. ისინი აცხადებდნენ, რომ მერიაში უშიშროების თანამშრომლები ინიშნებიან.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერიის 2 საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის განხილვა და დამტკიცებაც მოხდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0