ენათმეცნიერს და ფილოლოგს მზექალა შანიძეს 90 წელი შეუსრულდა. მას თბილისის მერი დავით ნარმანია ესტუმრა და საიუბილეო თარიღი პირადად მიულოცა.
„ქალბატონი მზექალა, რომელსაც უდიდესი დამსახურება აქვს ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის წინაშე, 90 წლის გახდა. ის არის საპატიო თბილისელი და მე მოვალედ ჩავთვალე, რომ მოვსულიყავი მასთან და მიმელოცა 90 წლის იუბილე. დარწმუნებული ვარ, რომ ის უზარმაზარი შრომა, რაც მან გაწია ათეულობით წლების განმავლობაში, ძალიან დიდი ხანი იქნება თითოეული ჩვენგანისა და ჩვენი თანაქალაქელებისათვის სამომავლო გზამკვლევი. ის ძალიან მხნედ არის და აქტიურად აპირებს მომავალშიც გააგრძელოს მუშაობა, რაც მისასალმებელი და დასაფასებელია“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მზექალა შანიძემ თბილისის მერს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძალიან მადლობელი ვარ ამ მილოცვისათვის და ჩემი საქმიანობის ასე დაფასებისათვის. მე ისეთ გარემოში გავიზარდე, რომ საკუთარი საქმის რაც შეიძლება კარგად კეთება ჩვეულებრივ ნორმად ითვლებოდა და არაფერი ამაში განსაკუთრებული არ უნდა ყოფილიყო. ასეთი ატმოსფერო იყო ჩემს გარშემო და მეც ვცდილობდი მთელი ცხოვრების განმავლობაში, რომ ასე მოვქცეულიყავი. მე ვფიქრობ, ეს ნორმა უნდა იყოს დღესაც საზოგადოებისათვის. ადამიანები რა თქმა უნდა, ერთნაირები არ არიან, ერთს მეტი შეუძლია, მეორეს – ნაკლები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ყველამ ის გააკეთოს რაც მას შეუძლია. ეს შეგნება თუ იქნება საზოგადოებაში, ჩვენი წინსვლა მეტად სწრაფი და წარმატებული იქნება“, – აღნიშნა მზექალა შანიძემ.
ენათმეცნიერი მზექალა შანიძე 1926 წელს დაიბადა. 1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.1953 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1981 წლიდან). არის 100 სამეცნიერო ნაშრომის, თარგმანებისა და მონოგრაფიების ავტორი. მათ შორის: „ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატი“ (1990), „ცხოვრება მეფეთ–მეფე დავითისა“ (1992), „ახლადაღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა“ (სამენოვანი წიგნის ინგლისური ნაწილის თარგმანი, ათენი, 2005). მზექალა შანიძე არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ–კორესპონდენტი.1996 წელს მიიღო ღირსების ორდენი, 1990 წელს კი აკაკი შანიძის სახელობის პრემია.
მზექალა შანიძეს 2015 წელს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა.