ქ. ვენაში მიმდინარე უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენციის (ASRC) ფარგლებში, კონფლიქტის მოგვარების თემაზე გამართულ სამუშაო სესიაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა სიტყვით მიმართა ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს.
თავის გამოსვლაში მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე და მის ბოლო განვითარებებზე. მან კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მიერ საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. “ხელშეკრულებების” ხელმოწერასა და იმპლემენტაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესზე, საოკუპაციო ხაზთან გამშვები პუნქტების შემცირებაზე. ქართველმა დიპლომატმა დაგმო საოკუპაციო რეჟიმის მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამოძიების შეწყვეტის ფაქტი.