დადიანის 32 – ში უძველესი ისტორიული სათავსო აღმოჩნდა

16/06/2016

თბილისის განვითარების ფონდმა შალვა დადიანის ქუჩა N32- სა და N34-ში უძველესი ისტორიული სახლების სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულ მისამართებზე შენობებს სრული გამაგრება ჩაუტარდება, შენარჩუნდება ისტორიული დეტალები, აივნები, პირვანდელი სახით აღდგება გარე და შიდა ეზოს ფასადები, შეიცვლება კარ-ფანჯრები და სახურავები, მთლიანად გამოიცვლება ძველი საკომუნიკაციო ქსელები.
ისტორიული კვლევების მიხედვით ცნობილია, რომ შალვა დადიანის ქუჩა N 32 -34 -ში მდებარე სახლები ძველი ქალაქის გოდოლ – ბურჯზეა დაშენებული და სწორედ ამ ტერიტორიაზე გადიოდა თბილისის ძველი საზღვრები. გარდა უკვე ცნობილი გალავნის კედლისა, სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, დადიანის N32-ის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ქვეშ აღმოჩნდა პროდუქტებს ძველებური სათავსო, რომელიც იმ დროინდელი თბილისური სახლებისთვის დამახასიათებელი იყო და მაცხოვრებლები მსგავს სათავსოებს მიწის ქვეშ პროდუქტების შესანახად აშენებდნენ.
აღმოჩენილი ისტორიული სათავსოს ზუსტი თარიღის და ისტორიული ღირებულებების შესასწავლად არქეოლოგები მუშაობენ. თბილისის განვითარების ფონდი ისტორიულ სათავსოს კონსერვაციას დარგის სპეციალისტების რეკომენდაციების მიხედვით ჩაუტარებს.
შალვა დადიანის ქუჩა N34-ის სარეაბილიტაციო პროექტი „საქართველოს icomos”- ის მიერ მომზადდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ორივე მისამართზე თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით, ისტორიული ძეგლების მიმართულებით მომუშავე, გამოცდილი კომპანია „ ნიუ დიზაინი“ ახორციელებს.
შალვა დადიანის ქუჩა N32 და N34-ში მდებარე უძველესი ისტორიული შენობების რეაბილიტაცია და რესტავრაცია 2016 წლის ბოლომდე დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0