დაბა სტეფანწმინდაში სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობა გაიხსნა

25/03/2017

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორ ზვიად ქაწაშვილთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დაბა სტეფანწმინდაში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გახსნა. ღონისძიებას საქართველოში ვიზიტით მყოფი უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის უფროსი მიკოლა ჩეჩოტკინი და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დეპარტამენტის დირექტორი ვოლოდიმურ დემჩუკი დაესწრნენ. შს მინისტრის მოადგილემ, უკრაინელ სტუმრებთან ერთად, ახალი შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მეხანძრე-მაშველების სრული აღჭურვილობა და ავტოფარეხები დაათვალიერა. ორსართულიანი შენობა თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა, აშენდა ახალი სასწავლო კოშკურა და განხორციელდა შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ახალ შენობაში 30-მდე მეხანძრე-მაშველი იმუშავებს, რომლებსაც ყოველდღიური ახალი სამუშაო ფორმები დაურიგდათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0