„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარმა, მაია ბეროშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში მარწყვის ახალი ბაღი გააშენა. ბაღის გასაშენებლად სულ 50,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 11,285 ლარი ფერმერმა გრანტის სახით მიიღო, რომელიც სარწყავი სისტემების შესაძენად გამოიყო. ბაღი გაშენებულია 8000 კვ.მ. და მოსავლის სახით წელს 15 ტონამდე მარწყვის მოსავალს ელოდება. სოფელ გურჯაანში მარწყვის ბაღი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საგრანტო მენეჯერმა თორნიკე კაპანაძემ და კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა დაათვალიერეს. „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამას სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF) აფინანსებს. პროგრამით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40% -ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა – 60% -ს. პროექტის დაწყებიდან დღემდე დაფინანსება 207 ბენეფიციარმა მიიღო, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების ოდენობამ 4,195,000 ლარს გადააჭარბა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში – ბიზნესი“-ს ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
გურჯაანის რაიონში მარწყვის ახალი ბაღი გაშენდა
24/06/2018