გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ,,კულტურის სტრატეგიის უწყებათაშორისო სამოქმედო გეგმა 2017-2018“ შესახებ skype კონფერენცია გაიმართა

27/03/2017

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ,,კულტურის სტრატეგიის უწყებათაშორისო სამოქმედო გეგმა 2017-2018“ შესახებ skype კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა, გურიის გუბერნატორს გია სალუქვაძეს და მუნიციპალიტეტებში შემავალ კულტურის სამსახურების წარმომადგენლებს დეტალურად ესაუბრა, იმ დოკუმენტის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს კულტურის სფეროში ყველა სამთავრობო უწყების მიერ დაგეგმილ აქტივობებს. ასევე აღინიშნა, რომ აუცილებელია რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება და ხელშეწყობა.
კულტურის სტრატეგიის შესაბამისი რეგიონების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმების შემუშავების მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს, როგორც ავტონომიური რესპუბლიკების, ასევე, საქართველოს რეგიონების გუბერნიებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან და მონაწილეობა მიიღოს რეგიონის კულტურის 2018 წლის სხვადასხვა სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. აღნიშნული თანამშრომლობა მოიცავს კონსულტაციებს სხვადასხვა საკითხზე, როგორიცაა, პრიორიტეტების განსაზღვრა სტრატეგიის ჭრილში, სამოქმედო გეგმის ფორმატი, მისი შემუშავების მეთოდიკა/პროცესი და აგრეთვე, კულტურის სტრატეგიასთან მიმართებით ნებისმიერი სხვა საინტერესო საკითხი.
კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ოთხივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავად მიიღეს პასუხი. როგორც შეხვედრაზე ლევან ხარატიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გორაბერეჟოულის დენდროლოგიური პარკის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბალანსზე შესაძლო გადასვლის საკითხთან დაკავშირებით აქტიურად დაიწყება კონსულტაციები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0