გურიის რეგიონში ჩაის კრეფისა და გადამუშავების პროცესი სოციალური დისტანციის და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს. ოზურგეთში ჩაის კრეფისა და გადამუშავების პროცესს, გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველ მოადგილესთან აკაკი შენგელიასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. გაიმართა შეხვედრა ოზურგეთში მოქმედი მცირე და საშუალო ჩაის საწარმოების წარმომადგენლებთან, სადაც საჭიროებებზე და დარგის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში, მეწარმე დავით თენიეშვილის პლანტაციებზე 15 – მდე ადგილობრივია დასაქმებული. მეწარმეს ამ ეტაპზე აქვს 4 ჰა – მდე მოვლილი პლანტაცია. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ისარგებლა 20 000 ლარით და საწარმოსთვის დანადგარები შეიძინა. აწარმოებს რამდენიმე სახეობის ჩაის: შავი, თეთრი, მწვანე და მოცვის ჩაი. პროდუქციის რეალიზება ხდება ადგილობრივ ბაზარზე. გასულ წელს 8 ტონა პროდუქცია დამზადდა, წელს კი გაცილებით მეტ მოსავალს ელოდებიან. სოფელ გურიანთაში, ქართული ჩაის კომპანია „Natural Tea Company“ 2015 წლიდან ფუნქციონირებს. “ნატურა თი კომპანი“, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში დაფინანსებული ახალი საწარმოა, რომელმაც შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა და თანამედროვე ტიპის ჩაის გადამამუშავებელი საწარმო შექმნა. ჩაის ფაბრიკა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილია და ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე. აქ აწარმოებენ ხუთი სახეობის ჩაის და მომხმარებელს განსაკუთრებული მეთოდით დამზადებულ ინოვაციურ პროდუქტებს კერძოდ კი ყვითელ, თეთრ, მწვანე, შავ და წითელ ჩაის სთავაზობს. ამჟამად დასაქმებულია 10 – მდე ადგილობრივი, პლანტაციებში კი, 40 – მდე ადამიანი მუშაობს.
გურიის რეგიონში ჩაის კრეფისა და გადამუშავების პროცესი სოციალური დისტანციის და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს
13/05/2020